ტალავრისხევის ნასოფლარის ეკლესია

ტალავრისხევის ნასოფლარის ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალავერის მახლობლად. ნასოფლარი მდებარეობს ტალავრისხევის მარცხენა უსახელო შენაკადის ხეობაში, მთის ჩრდილოეთ კალთაზე. გაშლილი ყოფილა ორ ტერასად. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ზედა ტერასაზე მდებარე ეკლესია და ერთი სახლი, დანარჩენი ნაგებობებიდან კი მხოლოდ ბუდეები და ნაშალი ქვების გროვაა დარჩენილი. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით კირდუღაბზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმლებია. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი, რომელსაც კონქის საბჯენი თაღიც ეყრდნობა. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო ორგანყოფილებიანი სწორკუთხა ნიშაა. ეკლესია შიგნიდან გალესილი ყოფილა. ეკლესიისგან დასავლეთით რამდენიმე მეტრში დგას საცხოვრებელი სახლი. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. კედლების სისქე 1 მეტრს უდრის. სამხრეთის კედლით ნაწილობრივ მიწაშია შესმული. სამნაწილიანი ანფილადური ნაგებობაა. თითოეული ნაწილს საკუთარი შესასვლელები ჩრდილოეთის კედელში აქვს. კიდეების ნაწილები ოთახებს წარმოადგენს, რომლებიც ჩრდილოეთის კარით ეზოს, ხოლო შიდა კედლებში არსებული კარით ცენტრალურ ნაწილს უკავშირდებიან. სამხრეთის კედლებში ორივე ოთახში ბუხარია მოწყობილი. ამ კედლის გარდა ყველა დანარჩენ კედელში სწორკუთხა თაღჩებია გაკეთებული. სახლის შუა ნაწილი „საჩეხს“ წარმოადგენს, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან სრულადაა გახსნილი. სამხრეთის კედელში აქაც ბუხარია გაკეთებული. სახლს დასავლეთიდან კიდევ რაღაც უნდა ქონოდა მიდგმული, რომლისგანაც მხოლოდ სამხრეთის კედლის მცირე ფრაგმენტია დარჩენილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

1. https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=39419