სხვიტორის ღვთისმშობლის ეკლესია

სხვიტორის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში. მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ღვთისმშობლის ეკლესია (დასავლეთის ფასადი)
ღვთისმშობლის ეკლესიის ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

ეკლესია დარბაზულია (16,25X8 მ.). ეკლესიის გეგმა ასიმეტრიული, წაგრძელებული ფორმის ოთხკუთხედია. ნახევარწრიული აფსიდის მხრები გრძივი კედლებისაგან დარბაზის მხრიდან ორსაფეხურიან პილასტრებით გამოიყოფა. საკურთხევლის გვერდებზე სამი ნიშაა განლაგებული — ორი ჩრდილოეთით და ერთი სამხრეთით. განათების წყაროს ერთი შიგნიდან თაღოვანი სარკმელი წარმოადგენს. დარბაზს სხვადასხვა ზომის ხუთი სარკმელი ანათებს, ორ-ორი გრძივ კედლებში, ერთიც დასავლეთ კედელში. შიგნიდან თაღოვანი, ნაოთხალი თითო კარია დასავლეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში და სამხრეთ კედელში სარკმლებს შორის. სამსაფეხურიანი პილასტრებია მოწყობილი დასავლეთ კუთხეებში. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილებში, საკურთხევლის მხრებთან ახლოს თითო ნიშაა გამოკვეთილი — ჩრდილო ნიშა მცირე ზომისაა, ხოლო სამხრეთისა უფრო მოზრდილი და თაღოვანია. ქვისფილებით დაგებული იატაკი საკურთხეველში ერთი საფეხურითაა შემაღლებული. არის სოლეა. კედლები შებათქაშებულია. კონქი და კამარა ხის მასალითაა მოწყობილი. გარედან კედლები შებათქაშებულია და მოკლებულია ყოველგვარ დეკორს, თუ არ ჩავთვლით აღმოსავლეთ სარკმლის ნახევარწრიულ სათაურს. კრამიტის სახურავი სამხრეთით ორნახევარ მეტრამდეა გადმოშვერილი და შვიდ ოთხკუთხა ხის ბოძზეა დაყრდნობილი. ბოძები ქვის კვადრატულ ბაზისებზეა აღმართული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9027