სულელთა გემი
სულელთა გემი (ინგლ. Ship of Fools) 一 ამერიკელი ჟურნალისტისა და ნოველისტის, კეტრინ ენ პორტერის 1962 წლის რომანი, რომელიც გვიამბობს განსხვავებული წარმომავლობისა თუ სტატუსის მქონე პერსონაჟთა მოგზაურობის შესახებ, როცა ისინი გერმანული სამგზავრო გემით მექსიკიდან ევროპისკენ მიცურავენ.[1] ეს არის ალეგორია , რომელიც ასახავს ნაციზმის აღზევებას და მეტაფორულად ავლენს მსოფლიოს პროგრესს მის "მარადიულობისკენ მოგზაურობისას“. თავად ავტორი საკუთარი ნაწარმოებით არასდროს ყოფილა აღფრთოვანებული და მას მოიხსენიებდა, როგორც „ზედმეტად გაწელილსა“ და „არაგონივრულს“.[2]
„სულელთა გემი“ | |
---|---|
Ship of Fools | |
პირველი გამოცემა | |
ავტორი | კეტრინ პორტერი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
გამომცემელი | Little, Brown |
გამოცემის თარიღი | 1962 |
მედია | ბეჭდური |
პორტერის რომანში კაცობრიობის მოდელად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტრანსატლანტიკური ლაინერის მგზავრები, რომლებიც 1931 წელს ევროპაში გაემგზავრნენ: საზოგადოება, რომელიც გემზე იმყოფება, შედგენილია, როგორც მთლიანი საზოგადოების მოდელი და ეს მაგალითი ასახავს ტოტალიტარიზმისა და რასობრივი სიძულვილის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მიზეზებს.
რომანი დაედო საფუძვლად სტენლი კრამერის 1965 წლის ამავე სახელწოდების ფილმს.[3]
ფონი
რედაქტირებაპორტერმა საკმაოდ კარგი სახელი მოიხვეჭა საკუთარი მცირე მოთხრობების გამოქვეყნებით, ძირითადად 1922-დან 1940 წლამდე. ამის შემდეგ, იგი რომანზე მუშაობასაც შეუდგა. მან ამ უკანასკნელზე მუშაობა 1940 წელს დაიწყო და თავდაპირველად ჩაიფქრებული იყო, როგორც ნოველა, თუმცა (ან „მოკლე რომანი“, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ავტორს სიტყვა „ნოველა“ ეზიზღებოდა).[4]) სიუჟეტი ეფუძნება დღიურს, რომელიც მან შეინახა 1931 წელს, როცა ვერაკრუსიდან ბრემერჰავენში მიემგზავრებოდა და გუგენჰაიმის სტიპენდიით აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ისევე როგორც სიუჟეტი, ავტორმა რომანის მთავარი გმირებიც იმ რეალურ პიროვნებებს დააფუძნა, რომელთაც თავად გემბანზე შეხვდა. რაც შეეხება ნაწარმოების სახელს, იგი XV საუკუნეში მოღვაწე გერმანელი ავტორის, სებასტიან ბრანტის, ნაწარმოების 一 სულელთა გემი (Das Narrenschiff) 一 სათაურის მიხედვით შეირჩა.[5]
სიუჟეტი და ანალიზი
რედაქტირება1931 წლის აგვისტო. მექსიკურ პორტ ვერაკრუსიდან გერმანული სამგზავრო გემი „ვერა“ გადის. სექტემბრის შუა რიცხვებში იგი ბრემენჰაფენში უნდა ჩამოდგეს. მექსიკაში დატრიალებული პოლიტიკური ვნებათაღელვის გამო გემი გეზს იღებს გერმანიისკენ, სადაც ნაციონალ-სოციალიზმი წამოყოფს თავს. მგზავრთა მრავალფეროვანი შემადგენლობა 一 გერმანელები, შვეიცარიელები, ესპანელები, კუბელები, ამერიკელები 一 ერთიანობაში თანამედროვე სოციუმის ერთგვარი ანარეკლი, დიდი პოლიტიკური ძვრების წინამორბედია. კაცობრიობის ამ ტიპური წარმომადგენლების პორტრეტები ფსიქოლოგიური სიზუსტით გამოირჩევიან, ამას ემატება კარიკატურისტის დაუნდობლობა.
თავდაპირველად გემზე ცხოვრება ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მგზავრები ერთმანეთს ეცნობიან, ჯერჯერობით რიტუალურ რეპლიკებს სჯერდებიან, მაგრამ ზოგიერთის საუბარში თანდათან მჭერმეტყველური ფრაზებიც გამოერევა. ამ ფრაზათა მიღმა ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუფორმებელი, ყოფით დონეზე არსებული იდეოლოგია დგას, რომელიც ცდილობს, თავისი არსებობის შესახებ ყველას გასაგონად განაცხადოს, დროშებზე აღიბეჭდოს და ისინი, ვინც მას ირწმუნებს, ერის მტრებთან საბოლოო და გადამწყვეტ ბრძოლაში გაიყოლიოს. ქალის თეთრეულით მოვაჭრე ლიზი შპეკენკიკერი ამტკიცებს, რომ ნამდვილი, გამართული გერმანულით მხოლოდ მის მშობლიურ ჰანოვერში ლაპარაკობენ; ფრაუ რიტენდოლფი, ყოფილი გუვერნანტი, თავის დღიურში ჩაწერს, რომ რასის ყოვლისშემძლეობის სჯერა. მას კუზიანი ჰერ გლოკენი თავისი საბრალო გარეგნობით იმ აზრამდე მიიყვანს, რომ ბავშვები, თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლით, კაცობრიობის ინტერესებისთვის უკვე განადგურდნენ.
ამ აზრს იზიარებს ქალთა ჟურნალის გამომცემელი ჰერ რიბერი, რომელსაც განზრახული აქვს, ქალებს გონება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე სტატიებით განუვითაროს. იგი ტრაბახობს, რომ გამოჩენილ მეცნიერს კოჭლებისა და არასრულფასოვანი ადამიანების განადგურების ტრაქტატის შექმნაზე შეუთანხმდა. ლიზი, რომელიც მას ეკეკლუცება, ეკითხება, როგორ შეიძლება დაეხმარონ ქვედა გემბანის საბრალო ბინადართ 一 დღიურ ჯამაგირზე მომუშავე ესპანელებს. ჰერ რიბერი პასუხობს: „შეყარონ დიდ ღუმელში და მიუშვან გაზი“ და ამით თავის თანამოსაუბრეს სიცილის პაროქსიზმში აგდებს.
ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლამდე და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებამდე ობივატელი მგზავრები გასაოცარ პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას იჩენენ.
როდესაც ირკვევა, რომ გერმანელი ფრეიტაგის ცოლი ებრაელია, გემის ბომონდი თავისი რიგებიდან რასის შეურაცხმყოფელს ერთსულოვნად იშორებს. მას და კომერსანტ ლევენტალს ერთ მაგიდასთან სვამენ. ლევენტალი კათოლიკურ ეკლესიებს საეკლესიო ნივთებით ამარაგებს. ებრაელი ლევენტალი, თავის მხრივ, ზიზღს ვერ მალავს ფრეიტაგის, განსაკუთრებით კი მისი ცოლის მიმართ, რომელიც იქ არ იმყოფება, მაგრამ უცხო რჯულის კაცის ცოლობით რასის სიწმინდე შეურაცხყო.
გემზე, რომლის კაპიტანი ტილეა, თანდათან დიდი რაიხის პირველსახე ყალიბდება. საქმე ჯერჯერობით ღია ტერორამდე არ მიდის, მაგრამ მგზავრთა უმრავლესობამ, მათ შორის ღრმად მოაზროვნე ბრიყვმა იდეოლოგმა, პროფესორმა გუტენმა, ფსიქოლოგიურად უკვე მიიღო „ახალი წესრიგი“. ახლა მხოლოდ ფიურერია საჭირო. მათთან მოხვედრა სურს კუჭის მოუნელებლობით გატანჯულ და თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობების შეგრძნებით შეპყრობილ კაპიტან ტილეს. იგი ამერიკულ განგსტერულ ფილმს უყურებს და ძალაუფლებაზე ოცნებობს: „ფარულად ტკბება სურათით. უკანონობა, სისხლის წყურვილის სიგიჟე ისევ და ისევ იფეთქებს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას 一 მას რუკაზეც ვერ მიაგნებ, 一 მაგრამ ის სულ ხალხში ტრიალებს, ხალხში, რომელიც კანონით შეიძლება და აუცილებელიცაა, რომ მოკლა. კაპიტანი ტილე მუდამ მოვლენათა ეპიცენტრშია, ყველას უფროსობს და მართავს. ფაშიზმის მოკრძალებული ხიბლი მხოლოდ ჰერ რიბერს და კაპიტან ტილეს არ იზიდავს. ჩუმი, უწყინარი არსებები რასობრივი ან კლასობრივი ნიშნით ხელისუფლებაში მოსვლის იდეაში არანაკლებ ნუგეშს პოულობენ. საკმაოდ სიმპათიური ფრაუ შმიდტი შეწუხებულია ჰერ რიბერის უხამსობით და ფრეიტაგს თანაუგრძნობს, „წმინდა“ საზოგადოებიდან ფრეიტაგის განდევნის შემდეგ თავის თავში პოულობს ძალას, დაიცვას საკუთარი უფლებები: „ფრაუ შმიდტის სული სეიმობს, სიამოვნების თბილი ჟრუანტელი უვლის 一 იგი დიადი და სახელოვანი რასის სისხლით ნათესავია: მართალია, ყველაზე შეუმჩნეველი, უმნიშვნელო არსებაა, მაგრამ რამდენი უპირატესობა აქვს!“
რომანის პერსონაჟთა უმრავლესობა საკუთარ ფესვებს მოწყვეტილია: ფრაუ შმიდტს ქმრის ცხედარი მიაქვს სამშობლოში, სადაც დიდი ხანია, არ ყოფილა. მექსიკის გერმანული სკოლის დირექტორი გუტენი გერმანიაში ბრუნდება, თუმცა იქ სრული გაუგებრობა ელის. ოტელის ყოფილი მეპატრონე ლუტცი ცოლთან და თვრამეტი წლის ქალიშვილთან ერთად მექსიკიდან საცხოვრებლად შვეიცარიაში მიემგზავრება. ბევრმა მათგანმა არ იცის, რა არის ოჯახური სითბო, ზოგი კი პირიქით, მის სულიშემხუთველ ატმოსფეროში იხრჩობა, მათ შორის კარლ ბაუმგარტნერი, რომელიც ადვოკატი და გამოუსწორებელი ლოთია, და მისი ცოლიც, რომელიც ქვეყნიერებაზეა გაბოროტებული. ამ მოხეტიალე ატომებს, სოციალური ქიმიის კანონის თანახმად, სავსებით შეუძლიათ ტოტალიტარულ მასასთან შერწყმა.
მასობრივი ტოტალიტარული მოძრაობები პორტერს ერთ სოციალურ ჭეშმარიტებას შესახსენებს 一 აღმოცენდებიან მაშინ, როდესაც ინერტული საშუალო ფენა ზევიდან და ქვევიდან დამუშავებას განიცდის, 一 ინტელექტუალური ელიტის მიერ გამომუშავებული იდეებით იმსჭვალება, დეკლასირებული ელემენტების ენერგიით ავადდება. როდესაც ინტელექტუალური და კრიმინალური უნისონში მოქმედებს, ჩნდება ერთიანი სწრაფვა. პორტერის რესპექტაბელური ბურჟუები ესპანელი მოცეკვავეების ზნედაცემული ინსტინქტებით არიან შოკირებულნი. ისინი აღშფოთებას ვერ ფარავენ, როდესაც მოცეკვავეები ტენერიფეს მაღაზიებს ქარიშხალივით გადაუქროლებენ და ყველაფერს, რაც „ცუდად დევს“, ექსპროპორციას უკეთებენ, შემდეგ კი მგზავრებს თაღლითურ ლატარეაში ითრევენ და მოპარულ ნივთებს ათამაშებენ. პირველი და მეორე კლასის მორალისტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მათ და მოცეკვავეებს შორის კავშირი გაცილებით მჭიდროა, ვიდრე ეს შეიძლება მოგეჩვენოს. მოცეკვავეთა კრიმინალური ამორალურობა მხოლოდ ჩრდილავს რიბერებისა და ტილეს ფარულ უსინდისობას. ნაციზმის წლებში ისინი თავს კიდევ უფრო გამოამჟღავნებენ.
ფიურერის მომავალი ერთგული ქვეშევრდომების კოლექტიური პორტრეტის შექმნისას პორტერი არც სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ინდობს. ქრება და თავმოყვარეობასთან ბრძოლაში იღუპება ამერიკელების 一 ჯენი ბრაუნისა და დევიდ სკოტის სიყვარული. ჯენი მეტისმეტად გაიტაცა იმ ადამიანების უფლებათა დაცვამ, რომლებთანაც მხოლოდ შორტეული ნაცნობობა აკავშირებს. ხოლო მხატვარ დევიდის მუდმივი უკმაყოფილება და გაბოროტება, მისი, როგორც შემოქმედის, ხელმოცარულობის სახიფათო სიმპტომია.
პორტერის გმირებმა სიძულვილის მეცნიერებაში საკმაო წარმატებას მიაღწიეს. არიელებს სძულთ ებრაელები, ხოლო ებრაელებს, კომერსანთ ლევენტალის სახით, სძულთ არიელები. ყმაწვილ იოჰანს სძულს თავისი მომაკვდავი ბიძა ვილიბალდ გრაფი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ უვლის, რომ მემკვიდრეობა არ დაკარგოს. ტეხასელი ინჟინერი დენი დარწმუნებულია, რომ ზანგები დაბალი რასის არსებები არიან, იგი მხოლოდ ფულზე, ქალებსა და ჰიგიენაზე ფიქრობს. არცთუ სულელი და უბოროტო მისის ტრედუელი ოცნებობს, ყველამ თავი დაანებოს და იდიოტური პრობლემებით აღარ შეაწუხოს. მას სძულს ლიზი შპეკენკიკერი, მაგრამ მშვიდად ესაუბრება ფრეიტაგის ოჯახურ საიდუმლოზე, რომელიც ფრეიტაგმა გულახდილობის ჟამს გაანდო. ერტხელაც საღამოს წვეულებაზე მისის ტრედუელი მარტო ისე დათვრება, რომ სასტიკად სცემს ხელმოცარულ დენის, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ესპანელ მოცეკვავე ქალს და ოთახის კარი შეეშლება. მისის ტრედუელი დენის სახეს ფეხსაცმლის ქუსლით ისე დაუჩეჩქვავს, თითქოს ჯავრს იყრის წლების განმავლობაში დაგროვილი წყენისა და იმედგაცრუებისთვის.
შვედი ნანსენი თითქოს რადიკალია. „დახოცეთ მტრები და არა მეგობრები“, 一 უყვირის ის ქვედა გემბანის მგზავრებს. ნანსენი თანამედროვე საზოგადოების მისამართით მრისხანე რეპლიკებს ისვრის 一 თითქოს საქმიანსაც, მაგრამ ფრეიტაგი ამ კარაქით მოვაჭრეში „ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებას შეამჩნევს: მათი განყენებული მსჯელობები და განზოგადებები, სამართლიანობის წყურვილი, ტირანიის სიძულვილი... ხშირად ნიღაბია, რომლის მიღმა იმალება ფილოსოფიური აბსტრაქციისგან შორს მდგომი პირადი წყენა, რომელიც მათ თითქოს აღელვებს“.
გემზე, სადაც ზრდილობის წესების ინსტრუქციას იძულებით ემორჩილებიან და ასრულებენ, ურთიერთსიძულვილის ხანძარი ბრიალებს. თავაზიანი და წინდახედულია სასამართლოს ხაზინდარი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მზად არის, დახოცოს ყველა, ვისაც იძულებით ესალმება და უღიმის. გაცეცხლებულია მოახლე ქალიც, რომელსაც ნაბრძანები აქვს, გუტენების ძაღლს ჭიქით წვნიანი მიუტანოს. ბებერი ბულდოგი ესპანელი მოცეკვავეების აბეზარმა ბავშვებმა გემბანიდან გადააგდეს, მაგრამ ბასკმა ცეცხლფარეშმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა 一 მან ამ საქციელით პირველი და მეორე კლასის მგზავრები ჩააფიქრა. განრისხებულ მოახლეს მონოლოგს 一 „ბობოლას ძაღლს ხორციან ბულიონს აჭმევენ, ბულიონი კი ღარიბთა ძვლებისგანაა დამზადებული“ 一 მეკორიდორე ბიჭი შეაწყვეტინებს: „მე რომ მკითხო, ორივე 一 ძაღლიც და ცეცხლფარეშიც უნდა დამხრჩვალიყვნენ და შენც, ჩერჩეტო ბებერო“. გემზე გამართული ზეიმი ნამდვილ ბატალიას მაშინ ემსგავსება, როდესაც მთვრალი და აღგზნებული მგზავრები ნამდვილ ბარბაროსებად გადაიქცევიან. მისის ტრედუელი დენის გაუსწორდება, ხოლო ნანსენი რობერს, რომელიც ყოველთვის აღიზიანებდა, თავზე ბოთლს დააფშვნის. ნამდვილი ომი გაჩაღდება.
საღამოს ვაკხანალიის შემდეგ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში დგება და გემი პორტში შედის. „ტრანენბაუმის“ მუსიკის თანხლებით მგზავრები ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ნაპირზე ჩამოდიან. წინ გაურკვევლობაა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Büchermarkt, Deutschlandradio Kultur 5. Dezember 2010 (Ursula März: Beobachtung aufgeblasenen Geschwätzes. Katherine Anne Porter: Das Narrenschiff)
- Rezensionen der Neuausgabe von 2010 bei Perlentaucher
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.goodreads.com/book/show/410760.Ship_of_Fools
- ↑ Johnston, Laurie (September 19, 1980). "Katherine Anne Porter Dies at 90; Won a Pulitzer for Short Stories". The New York Times.
- ↑ Johnston, Laurie (September 19, 1980). "Katherine Anne Porter Dies at 90; Won a Pulitzer for Short Stories". The New York Times.
- ↑ Katherine Anne Porter (1965). The Collected Stories of Katherine Anne Porter. New York: Harcourt, Brace & World, გვ. v. ISBN 9780156188760.
- ↑ Johnston, Laurie (September 19, 1980). „Katherine Anne Porter Dies at 90; Won a Pulitzer for Short Stories“. The New York Times.