სტრია — კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ან იასამნისფერი ხაზი. ის დანაწიბურებულ ქსოვილს წარმოადგენს.

გამომწვევი მიზეზი რედაქტირება

სტრიას იწვევს: ორსულობა, წონის სწრაფი მატება და ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება. გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს. ეს მის შიგნითა შრეებში ნახეთქებს აჩენს, რომლებიც შემდეგ შემაერთებელი ქსოვილით ივსება. ჩვეულებრივ, სტრიები ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე, ენდოკრინული დაავადებების დროს — სახეზეც. თუ წონის მკვეთრი ცვლილების შედეგად წარმოიშვა, უმეტესად ვერტიკალურია, ხოლო თუ ჰორმონული პრობლემებით არის გამოწვეული — ჰორიზონტალური.

ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს — ასეთ ფერს ნახეთქებში განვითარებულ შემაერთებელ ქსოვილში გამავალი სისხლძარღვები აძლევს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცარიელდება და სტრიები თეთრდება, ნაწიბურებს ემსგავსება. ნაწიბურის ქსოვილზე პიგმენტი არ არის, ამიტომ სტრიები გარუჯვის შემდეგაც თეთრი რჩება და გარუჯულ კანზე უფრო მეტად შესამჩნევია. გლუკოკორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი) ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე იცენკო-კუშინგის სინდრომის დროს სტრიები შესაძლოა მთელ სხეულზე გაჩნდეს, სახეზეც კი. ასეთ წარმონაქმნებს უფრო მეტი ფართობი უკავია და უფრო გაწელილი და ფართოა, ვიდრე თუნდაც ორსულობისას გაჩენილი სტრიები.

მკურნალობა რედაქტირება

სტრიების მკურნალობა რთულია და რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს. ძველი სტრიების მთლიანად მოშორება არ შეიძლება, მაგრამ შესაძლებელია მათი გადასწორება ქიმიური პილინგის ან ლაზერული მოხვეწის საშუალებით. ქიმიური პილინგის დროს კანზე ადებენ სპეციალურ მჟავებს და ერთგვარად ამოწვავენ ეპიდერმისის ღრმა შრეებს. სპეციალისტები სამი ტიპის მჟავებს იყენებენ: ალფა-ჰიდროქსიმჟავებს, ფენოლის მჟავას და სამქლორძმარმჟავას. პირველი კანს კი არ წვავს, არამედ გარქოვანებულ უჯრედებს ქერცლავს, ამავე დროს ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. ფენოლის მჟავა კოსმეტოლოგიაში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, მაგრამ მისი გამოყენება უდიდეს რისკსაც შეიცავს. პროცედურა ძალიან მტკივნეულია (ამიტომ ნარკოზის ქვეშ ტარდება) და შესაძლოა, გართულებებიც მოჰყვეს. მაღალი ტოქსიკურობის გამო არ შეიძლება ფენოლის გამოყენება გულ-სისხლძართა სისტემის დაავადებების დროს. სამქლორძმარმჟავა უფრო რბილად მოქმედებს, მაგრამ მაინც უკიდურეს სიფრთხილეს მოითხოვს. პროცედურის შედეგი ბევრად არის დამოკიდებული სპეციალისტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე (პროცედურები აუცილებლად ექიმმა უნდა ჩაატაროს).

სტრიების გაჩენის თავიდან აცილება ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ არსებობს მათ მიმართ განწყობა: ჰორმონული დარღვევები, თხელი მოშვებული კანი და უკვე არსებული სტრიები წონის უმნიშვნელო მერყეობისას, — მაგრამ პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო უმტკივნეულო და იაფია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პრობლემების მკურნალობა. სიფრთხილე მართებთ იმ ქალბატონებს, რომლებიც ხშირად (მით უმეტეს, მკვეთრად) იმატებენ და იკლებენ წონაში, ასევე — ორსულებს. ორსულობისას კანს სათანადოდ უნდა მოვუაროთ. სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კოსმეტოლოგები გვირჩევენ კოლაგენის, ელასტინისა და A, C, E ვიტამინების შემცველ კრემებს. ისინი არაჩვეულებრივად ამკვრივებს, ელასტიკურობას მატებს კანს და სტრიების გაჩენას ამცირებს (შესაძლოა, სულაც არ გაგიჩნდეთ). ურიგო შედეგი არ აქვს კანის მსუბუქ მასაჟს ზეითუნის ზეთით სტრიების შესაძლო წარმოქმნის ადგილებში (მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე). სტრიების საწინააღმდეგო საშუალება უნდა წაისვათ ყოველდღიურად, შხაპის შემდეგ, მთელ სხეულზე. ეს პანაცეა არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ მომავალში უფრო სერიოზული ჩარევა თავიდან ავიცილოთ.

სილამაზის სალონებისა და კლინიკების საბრძოლო არსენალში უამრავი თანამედროვე მეთოდი მოიპოვება, მაგრამ მან, ვისაც სურს, სტრიებისგან სრულიად გათავისუფლდეს, პლასტიკურ ქირურგიას უნდა მიმართოს. აბდომინოპლასტიკის დროს გაწელილ კანს მთლიანად აშორებენ, მაგრამ თუ სტრია მეტისმეტად ბევრია, მათ ვერც ამ გზით მოიცილებთ.