სტალინური სახლი

(გადამისამართდა გვერდიდან სტალინკა)

სტალინური სახლი, „სტალინკა“ — მრავალბინიანი სახლების საერთო სალაპარაკო დასახელება, რომლებიც სსრკ-ში 1930-1950 წლებში, უმეტესწილად, კლასიციზმის სტილში შენდებოდა.

კლასიკური „სტალინკა“ თბილისში. საცხოვრებელი სახლი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე

დასახელება

რედაქტირება

ასეთი ტიპის შენობის აღსანიშნავად გამოიყენება „სტალინის დროინდელი სახლი“ ან, უბრალოდ, „სტალინკა“. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სტალინკას ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც სრულგაბარიტიან ან სრულმეტრაჟიან ბინას.

ისტორია და მშენებლობის პერიოდი

რედაქტირება

სტალინური სახლები 1935 წლიდან 1960 წლამდე შენდებოდა. აშენების წლები კი, თავის მხრივ, ომამდელ და ომისშემდგომ დროინდელ პერიოდებად იყოფა. სტალინკების მშენებლობა საგრძნობლად შემცირდა 1956 წელს, როდესაც ინდუსტრიულ-მასობრივი ბინათმშენებლობის ორიენტირი გამოიკვეთა მთავრობის მხრიდან და უარი ეთქვა ე. წ. არქიტექტურულ გადაჭარბებეს, რამაც, თავის მხრივ, იაფფასიანი „ხრუშჩოვკების“ მთელი მასივების მშენებლობამდე მიიყვანა ქვეყანა. თუმცა 1960 წლამდე უკვე დაპროექტებული სტალინკების მშენებლობა დასრულდა, მაგრამ დაგეგმილი დეკორის გარეშე.

დაგეგმარება

რედაქტირება
 
თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა

როგორც წესი, სტალინურ ბინებს ოთახების საგრძნობი რაოდენობა აქვს — ჩვეულებრივ, სამი ან ოთხი, იშვითად გვხვდება ერთ- ან ხუთოთახიანი. ერთოთახიანი სტალინკები შეზღუდული რაოდენობით აშენდა. ოთახები გვხვდება როგორც იზოლირებული, ასევე მომიჯნავე (სამოთახიან სტალინკებში საკმაოდ ხშირია ანფილადური ტიპის დაგეგმარება).

სტალინკების საერთო ფართობი შეადგენს:

  • 1-ოთახიანი — 32—50 მ²;
  • 2-ოთახიანი — 44—70 მ²;
  • 3-ოთახიანი — 57—95 მ²;
  • 4-ოთახიანი — 80—160 მ².
  • 5-ოთახიანი — 140-210 მ².

შენობის კონსტრუქციისა და ბინების გეგმარების მიხედვით სტალინკები ორ ტიპად იყოფა: „ნომენკლატურულ“ და „რიგით“ სტალინურ სახლებად.

ნომენკლატურული სტალინკები

რედაქტირება

ნომენკლატურული კორპუსები (დირექტორებისთვის, უფროსობისთვის განკუთვნილი, ე. წ. საუწყებო სტალინკები საბჭოთა კავშირის ელიტისთვის შენდენოდა). ასეთ ბინებში პარტიული მუშაკები, სამხედრო მაღალჩინოსნები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, მეცნიერების მსხვილი წარმომადგენლები და ხელოვნების აღიარებული მოღვაწეები ცხოვრობდნენ. ნომენკლატურულ კორპუსებში კარგი გეგმარებაა, ყველა ბინას აქვს დიდი ჰოლი, სართულზე კი ორიდან ოთხამდე დიდი ფართობის ბინაა განთავსებული. ბევრ ბინაში გათვალისწინებული იყო საბავშვო და მოსამსახურის ოთახები, ასევე კაბინეტი და ბიბლიოთეკა. ამგვარი ბინები გამოირჩევა ფართო სამზარეულოთი და სანკვანძებით. ოთახების საშუალო კვადრატულობაა 15-25², ზოგჯერ კი 30-40² და უფრო მეტიც; ზოგიერთ სახლში, განსაკუთრებით, ზედა სართულზე სკულპტორებისა და მხატვრებისთვის დამხმარე ოთახებიც იყო გამოყოფილი.

სადირექტორო სახლებს, ჩვეულებრივ, კლასიკური არქიტექტურული ფორმა აქვს და ძუნწი დეკორი ამშვენებს, თავად ნაგებობები მსხვილია, მაღალი ბელეტაჟით. კორპუსები შელესილია და ძერწილი დეკორი აქვს, გადახურვა კი რკინაბეტონისაა ან კომბინირებული. თუკი სახლის სართულიანობა ხუთს აღემატება, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ლიფტის არსებობა. ზოგიერთ ბინაში გვხვდება პირადი სანაგვე მილი სამზარეულოში. საუწყებო ბინებში ჭერის სიმაღლეა 2,9—3,2 მ ან მეტი.

ასეთი კორპუსები შენდებოდა ქალაქის ცენტრში გამზირებისა და მაგისტრალური ქუჩების გაყვანისას, მოედნებსა და სანაპიროებზე. როგორც წესი, სტალინკები აგებულია ინდივიდუალური არქიტექტურული პროექტით და ბევრი ქალაქის ღირსშესანიშნაობასაც წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება