ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სილენოსი(ბერძნ.) დემონი. ჰერმესისა (ან პანის) და ერთ-ერთი ნიმფას ვაჟი. დიონისეს აღმზრდელი.

ნასვამი სილენოსი. ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნე

თავდაპირველად მრავალი სილენოსი არსებობდა. მათ მცირე აზიის იონიელები და ფრიგიელები წყაროთა და მდინარეთა უძველეს ღვთაებებად მიიჩნევდნენ და ცხენ-კაცებად წარმოიდგენდნენ. საბერძნეთში ეს სილენოსები (სილენები) დიონისეს ამალას შეუერთდნენ და ადამიანებს დაემსგავსნენ. ზოგჯერ მათ ცხენის კუდებითაც წარმოსახავდნენ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სილენებმა დაკარგეს თავდაპირველი სახე და ერთიანად მიემსგავსნენ სატირებს. დარჩა ერთადერთი სილენოსი, რომელსაც დიონისეს აღმზრდელად თვლიდნენ. ეს იყო კეთილი მოხუცი, რომელიც მუდამ მთვრალი დაბარბაცებდა. იცოდნენ სატირებმა, რომ მას ღვინო უყვარდა და არასოდეს აკლებდნენ ამ ღვთაებრივ სასმელს. როდესაც სილენოსს სადმე ხის ძირას ჩაეძინებოდა, რაც ძალიან ხშირად ხდებოდა, მის გარშემო თავს მოიყრიდნენ ხოლმე მშვენიერი ნიმფები და ყვავილების გირლიანდებით ბოჭავდნენ. მოხუცი მათზე არ ბრაზობდა. პირიქით, გამოფხიზლებული უამბობდა საოცარ ამბებს. ხოლო ნიმფები სულგანაბულნი უსმენდნენ მანამ, ვიდრე მიმწუხრი მთის ფერდობებს ეფინებოდა. ბრძენი ღვთაება იყო სილენოსი. მან დიდებულად იცოდა წარსულიცა და აწმყოც. ამასთანავე საოცარი სიმახვილით ჭვრეტდა მომავალს. თავისი მხიარული და გულგახსნილი ბუნების გამო მას ხშირად უხმობდნენ წვეულებებზე და სიყვარულით მასპინძლობდნენ. მართალია, იგი მიამიტად გამოიყურებოდა, მაგრამ მახვილი და ცოცხალი გონება ჰქონდა და ამის გამო ხშირად იწვევდნენ ოლიმპოსზეც, სადაც ღმერთებს თავშესაქცევი ამბებით, ოხუნჯობებითა და თავისი მხიარული ფილოსოფიით ახალისებდა.

სილენოსის ატრიბუტები იყო ღვინის გუდა, თასი, გვირგვინი და ვირი, რომლითაც მოგზაურობდა. ანტიკური ხანიდან ჩვენამდე სილენოსის მრავალი გამოსახულება შემორჩა. ყველაზე ცნობილი მათ შორის არის სკულპტურული ჯგუფი „მთვრალი სილენოსი ჩვილი დიონისეთი“, რომელიც ლუვრში ინახება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სილენოსი“-დან