სერობ გრიჩი
სერობ გრიჩი (სომხ. Սերոբ գրիչ; დ. 1770 — გ. 1836) — სომეხი ავტორი, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების (1795) თვითმხილველი.
მასწავლებლობდა მშობლიურ კონსტანტინეპოლში, საიდანაც თბილისში გამოიქცა და თავი გაბრიელ მაიორს შეაფარა. ერეკლე II-ის მხარდაჭერით სომეხი ბავშვებისთვის გახსნა სკოლა, რომელიც 1805 წლამდე არსებობდა. 1805 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ასტრახანში, შემდეგ — ნორ-ნახიჭევანში, სადაც გარდაიცვალა.
თბილისში 1795 წელს დატრიალებული ტრაგედია გრიჩმა საკუთარ მოკლე თხზულებაში აღწერა. მისი სიტყვებით, „ამ ბრძოლის ნახვა ერთ რამედ ღირდა. ხმლისა და ფარის შეჯახების ქუხილი მთებს გადასწვდა, ხმლის ჟღრიალმა იქაურობა გააყრუა, არ წყდებოდა ქვემეხთა გუგუნი, რომელიც ისართა შხუილს ახშობდა...“ ავტორის მიხედვით, მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. სპარსელები შეიჭრნენ ქალაქში, „აივსნენ ძვირფასი თვლებითა და თვალმარგალიტით“... მოსახლეობის ნაწილი გაწყვიტეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს. ქრისტიანებზე მეტად მათივე სარწმუნოებისანი ტანჯეს. კავკასიის მთებში გაქცეულ ლტოლვილებს, ვინც განსაცდელს გადაურჩა, გზაში „თავშიშველთა“ (ე. ი. იმერელი) ავაზაკები წამოეწივნენ და გაძარცვეს. სპარსელთა საჭურისი ხანი ექვსი დღის შემდეგ გაეცალა ქალაქს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭუბაბრია, რუსუდან. სერობ გრიჩი, „აღა-მაჰმად ხანის მიერ 1795 წლის 11 სექტემბერს დედაქალაქ თბილისის (ფაიტარაკანის) გადაწვის მოკლე ისტორია“, «მაცნე: ენისა და ლიტერატურის სერია», 1991, №3, გვ. 118-133;
- მაისურაძე, გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.