სერაფიმა გიორგის ასული ვეკუა (დ. 8 აგვისტო, 1914, თბილისი, — გ. 19 იანვარი, 2000, თბილისი) — ქართველი ბალეტის მსახიობი და კლასიკური ცეკვის პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958).

1922-1930 წლებში სწავლობდა თბილისის მ. პერინის საბალეტო სკოლა-სტუდიაში, 1936-1939 წლებში — ლენინგრადის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში (პედაგოგები – ა. ვაგანოვა და მ. რომანოვა). 1931-1935 წლებში ცეკვავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. 1939-1943 წლებში ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1943-1959 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო, პარალელურად — საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორიც.

შეასრულა არაერთი მნიშვნელოვანი სოლო პარტია როგორც საბალეტო, ისე საოპერო სპექტაკლებში. მისი შესრულება გამოირჩეოდა აქტიორული ოსტატობით და გამომსახველობით. 1943 წლიდან მუშაობდა თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში წამყვან პედაგოგად. 1964-1972 წლებში იყო ამ სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი მოსწავლეები იყვნენ ირმა ნიორაძე, ნათელა არობელიძე, რ. ლევინა და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება