სახაზინო სახლი
სახაზინო სახლი — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ თელავში. სახლი XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას აშენდა. მას საცხოვრებელი სახლის ფუნქცია ჰქონდა. დღეს შენობაში სასტუმროა განთავსებული.
აღწერილობა
რედაქტირებანაგებობა აშენებულია აგურით, კირის დუღაბზე. სახლის პირველი სართული, ქუჩისაკენ ფართე ღიობებით არის გახსნილი, ზოგიერთი მსუბუქად მორკალული თავსართით სრულდება. მთავარი ფასადი მსუბუქად ასიმეტრიულია. ფასადზე ცენტრალური კარის ჭრილი და მის თავზე არსებული დეკორატიული ლითონის ღია აივანია. იგი აჟურულ კონსოლებს ეყრდნობა. მეორე სართული მაღალი, სწორკუთხა სარკმელებით არის დაყოფილი. სარკმელები სწორკუთხა საპირეებშია ჩასმული. ისინი კაზმული პილასტრებით არის მოსაზღვრული და სწორხაზოვანი თაროები აქვს. შენობის ფრიზი და მაღალი კარნიზები დეკორატიული ნაძერწობითა, პროფილირებული კრონშტაინებით, პილასტრებითა და კბილანისებური სარტყელით არის შემკული. მანსარდასა და დეკორატიულ კარნიზს შორის სადა, პროფილირებული პარაპეტია მოწყობილი. ორნამენტული მოტივები თანაბარზომიერად არის განაწილებული. თანამედროვე მანსარდა წრიული და მართკუთხა ღიობებით არის დანაწევრებული. გვერდითა ფასადებზე, ორივე სართულზე, მცირე ზომის ლითონის აივნებია მოწყობილი. ეზოს მხარეს შენობას თანამედროვე ლითონის ორ სართულიანი აივანი აქვს მიდგმული. ინტერიერი გადაკეთებულია მისი დღევანდელი ფუნქციიდან გამომდინარე. თუმცა ინტერიერში შემორჩენილია სადარბაზო, ძველი ხის კიბე, ხის სადა აივანი, ძველი ალაყაფის კარი. სახლს დიდი ზომის თაღოვანი სარდაფი აქვს. ამ სივრცეში სასტუმროს რესტორანია განთავსებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 69