სათბობი

(გადამისამართდა გვერდიდან საწვავი)

სათბობი[1][2] (რუს. топливо[3]), საწვავი (რუს. горючее[4]) — საწვავი ნივთიერება, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ნახშირბადი; სათბობის დაწვით მიიღება თბური ენერგია; მას იყენებენ აგრეთვე ნედლეულად ქიმიურ მრეწველობაში.

შეშა ერთ-ერთი პირველი გამოიყენებოდა ადამიანთა მიერ საწვავად. მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ეს დღემდე ასეა.

აგრეგატული მდგომარების მიხედვით სათბობი შეიძლება იყოს: მყარი (მერქანი, ფიქალი, საპროპელი, ტორფი, ქვანახშირი), თხევადი (ბენზინი, დიზელი, ეთერი, ემულსია, ზეთი, ლიგროინი, მაზუთი, ნავთი, ნავთობი, სპირტი, რაკეტული საწვავი) ან აირადი (ბუტანი, მეთანი, პროპანი, წყალბადი, ბუნებრივი გაზი) და დისპერსიული (ქვანახშირის, ალუმინის, მაგნიუმის მტვერი); წარმოშობის მიხედვით — ბუნებრივი (წიაღისეულ ნახშირს [ანთრაციტი, ქვანახშირი და მურა ნახშირი], ნავთობს, აირს, საწვავ ფიქალს, ტორფს, მერქანს, მცენარეულ ნარჩენებს) ან ხელოვნური (ბრძმედის კოქსი, ძრავას სათბობი, კოქსისა და გენერატორის აირები და სხვა). სათბობის ძირითადი მახასიათებელია წვის კუთრი სითბო, სათბობის სხვადასხვა სახეობის შესაპირისპირებლად და მისი მარაგის ჯამური აღრიცხვისათვის მიღებულია აღრიცხვის ერთეული — პირობითი სათბობი.

ტექნიკის ახალი დარგების განვითარებასთან დაკავშირებით ტერმინ „სათბობს“ იყენებენ უფრო ფართო მნიშვნელობით, იგი გავრცელდა ყველა იმ მასალაზე, რომელიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს (მაგალითად, ბირთვული სათბობი, ლითონშემცველი სათბობი).

დედამიწის წიაღიდან მოპოვებული სათბობის თითქმის 50% გამოიყენება საწვავად. სათბობის დაწვის შუდეგად დედამიწის ატმოსფეროში ყოველწლიურად ხვდება დაახლოებით 150 მლნ. ტონა ნაცარი, 100 მლნ. ტონა გოგირდის ჟანგეულები, 60 მლნ. ტონა აზოტის ჟანგეულები, 20 მლრდ. ტონა ნახშირორჟანგი, რაც ძლიერ აჭუჭყიანებს გარემოს. წვის პროდუქტების მავნე მოქმედების შემცირება გარემოს დაცვის აქტუალური პრობლემაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ხმელიძე თ., გურგენიძე დ., კლიმიაშვილი ლ., ხმელიძე კ., „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, ტ. IV, თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2019. — გვ. 42, ISBN 978-9941-28-496-0.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 657.
  3. რუსულ-ქართული ლექსიკონი, თბ., 1983, გვ. 762
  4. რუსულ-ქართული ლექსიკონი, თბ., 1983, გვ. 124