საცხენეთის კვირაცხოვლის ეკლესია
საცხენეთის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დარბაზული, შვერილაბსიდიანი ეკლესია ქართული აგურითაა აშენებული. სამხრეთი კედლის ზედა შუა ნაწილი და კამარის სამხრეთი ნაწილი დანგრეულია. აბსიდა ძირითადი სივრციდან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. მათზე სატრიუმფო თაღია გადაყვანილი. აბსიდის ცენტრში თაღოვანი სარკმელია, რომლის ორსავე მხარეს განიერი, თაღოვანი ნიშებია მოთავსებული. თაღი შეისრული ფორმისაა. დასავლეთ კედელზე შეისრული ფორმის თაღია გადაყვანილი.
გრძივი კედლები წყვილი პილასტრებითაა დანაწევრებული, მათზე გადაყვანილი იყო კამარის საბრჯენი თაღები. ეკლესია განათებულია ოთხი თაღოვანი სარკმლით. შესასვლელი კარი დატანებულია სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 160