საქორეთის წმინდა გიორგის ეკლესია
საქორეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ლარგვისის მახლობად, საქორეთის ნასოფლარზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით მართკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს ასიმეტრიული ფორმის აბსიდი, რომლის ცენტრში არქიტრავული სარკმელია. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ეკლესიის კამარა და კონქი ოდნავ შებრტყელებულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიას დასავლეთიდან მცირე სამლოცველო აქვს მიშენებული. აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია შეისრული ნიშა. მის ქვეშ ტრაპეზის ქვა დგას. მინაშენს დასავლეთით სწორკუთხა სარკმელი, ხოლო სამხრეთით არქიტრავული შესასვლელი აქვს. მინაშენის გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 112-113