საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა - წიგნის სავანე

საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა — „წიგნის სავანე“ — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბიბლიოთეკა.

საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ლოგო

ისტორია რედაქტირება

თანამედროვე საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკის დაარსების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს XX საუკუნის 80–იანი წლების დასაწყისი, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით თბილისის მართლმადიდებლური ეკლესიებიდან გაფანტული წიგნების შეგროვება დაიწყო. ამავე დროს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საპატრიარქოს რელიგიური თემატიკის ძველი რუსული წიგნები გადმოსცა. ამას მიემატა უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ ბათუმიდან და სოხუმიდან ჩამოტანილი პირადი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი.

მაშინ საპატრიარქოს ბიბლიოთეკა საპატრიარქოს არქივთან ერთად თბილისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ორთაჭალის ტაძარში იყო განთავსებული. დაიწყო წიგნების ინვენტარიზაცია და კატალოგის შედგენა. ბიბლიოთეკის სამ თანამშრომელს (თინა ყანდარელს, თამარ გერმანიშვილს, ნანა კაჩუხაშვილს) სამუშაოს შესრულებაში ეხმარებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკიდან მოწვეული ბიბლიოთეკარები. შეგროვებული წიგნების ფონდით ძირითადად სასულიერო პირები სარგებლობდნენ.

ამის შემდეგ საბიბლიოთეკო ფონდმა რამდენიმეჯერ შეიცვალა ადგილი. ბიბლიოთეკა ჯერ საპატრიარქოს რეზიდენციაში (ერეკლე II-ის მოედანი N1.) პირველ სართულზე განათავსეს, შემდეგ იგი გადაიტანეს სიონის ეზოში, საპატრიარქოს ძველ რეზიდენციაში, მაგრამ მისი მდიდარი წიგნადი ფონდის მოწესრიგება, ისე, რომ მკითხველებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ვერც იქ მოხერხდა. იმხანად (1995–1998წწ.) ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა ბატონი ირაკლი ლომოური. გამოყოფილი ზემოთ დასახელებული ადგილები, თავისი პირობების გამო, შეუსაბამო იყო ბიბლიოთეკისთვის (მცირე ფართი, სინესტე, სინათლის ნაკლებობა და ა. შ.).

1998 წლის მაისში უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში ფართი (მეორე ფლიგელის IV სართული მთლიანად) ბიბლიოთეკისთვის გამოიყო. ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა და მას (1998–2003წწ.) ხელმძღვანელობდა ბატონი გრიგოლ რუხაძე. ბიბლიოთეკას ორი თანამშრომელი მიემატა: კონსტანტინე ალიბეგაშვილი და ნატო იობაძე. ჩატარდა წიგნების ინვენტარიზაცია, გაგრძელდა კატალოგის შედგენა. ბიბლიოთეკას მიეცა სამკითხველო დარბაზის შექმნისა და მკითხველთა მომსახურების საშუალება.

2000 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ბიბლიოთეკის ფონდი შეადგენდა 70.000 წიგნს, 1217 დასახელების პერიოდულ გამოცემას. ჟურნალ–გაზეთების ანალიტიკური დამუშავება დაწყებული იყო 1996 წლიდან. ბიბლიოთეკის ფონდი შეიცავდა წიგნებს 72 ენაზე. 50.000 წიგნი უკვე კატალოგში იყო შეტანილი. წიგნების აღრიცხვა და ბიბლიოგრაფიული დამუშავება მთლიანად ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. შექმნილი იყო სამუშაო ანბანური და სისტემური კატალოგი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ბერძნულ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ, სომხურ, ფრანგულ ენებზე. ბიბლიოთეკაში გაწევრიანებული იყო 1.500 მკითხველი (ძირითადად სასულიერო პირები, სტუდენტები, მრევლი, ასევე ბიბლიოთეკით სარგებლობდა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე). 2003 წლიდან ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა იღუმენია ნინო (გრიგოლაძე). ამავე წელს ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოწვეულ იქნა კონსულტანტი ქალბატონი კლარა რამიშვილი. ბიბლიოთეკას კიდევ ორი თანამშრომელი დაემატა: ბიბლიოთეკარები ნანა ჭუმბაძე და თეკლა ალიბეგაშვილი. შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორისადმი ნაჩუქრობის წარწერით გამორჩეული წიგნების კატალოგი. 2009 წელს ბიბლიოთეკას დაემატა ორი თანამშრომელი: ბიბლიოთეკარი ინგა ნანიტაშვილი და რესტავრატორი ლია კლარჯეიშვილი. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა დაზიანებული წიგნების აღდგენა, განახლება, მოწესრიგება. 2012 წელს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, გაფართოებისა და კეთილმოწყობის მიზნით გადავიდა საპატრიარქოს ტელეხედვის ,,ერთსულოვნების“ შენობაში და განთავსდა მთლიანად მესამე სართულზე, ეწოდა ,,წიგნის სავანე,“ რომელიც წმიდა ნინოს სახელობისაა და უშუალოდ ექვემდებარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს. 16 მარტს ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნულ იქნა სამონაზვნე მართა (ნაჭყებია).

 
საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკის წიგნსაცავი

ბიბლიოთეკის კეთილმოწყობაში, მის აღჭურვაში და მატერიალურ უზრუნველყოფაში, უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, საპატრიარქოს ტელეხედვის დირექტორს, მეუფე პეტრეს (ცაავას). 2012 წლის აპრილის თვეში ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მთლიანად დალაგდა. ახალ პირობებში არსებობს: ორი საცავი, წიგნადი და პერიოდიკის ფონდი; მისაღები – ანბანური, სისტემატური და საგნობრივი კატალოგებით გაწყობილი; სამკითხველო და ცალკე სამეცნიერო კომპიუტერებით აღჭურვილი დარბაზი; სარესტავრაციო; კაბინეტები კათოლიკოს–პატრიარქის, ბიბლიოთეკის დირექტორისა და ბიბლიოგრაფებისათვის. აქვეა გახსნილი ლიტერატურული კაფე. 2012 წლის 6 ივლისს ბიბლიოთეკას ეწვია მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც საპატრიარქოს ტელეხედვისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები დალოცა. მისასალმებელი სიტყვა შეხვედრისას მისი უწმინდესობისადმი წარმოსთქვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორმა მეუფე პეტრემ:

 
„თქვენო უწმინდესობავ, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საპატრიარქოს „წიგნის სავანის“ გახსნა, უკვე სრულყოფილად, მისი ლიტერატურული კაფით. თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ლოცვა–კურთხევითა და ღვთის შეწევნით შევძელით ეს. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. გუშინ წმიდა სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, თქვენს მიერ დაყენებული, თქვენო უწმინდესობავ, მომავალი თაობის, ბავშვების სწორად აღზრდა და დაგვავალეთ, რომ ვიფიქროთ შეიქმნას წიგნი, რომელშიც იქნება აღწერილი და მოცემული მითითებები თუ როგორ უნდა იფიქროს ერთად მომავალი თაობის გადარჩენასა და მათ სწორ აღზრდაზე ქვეყანამ, ერმა და ბერმა. ვფიქრობ, რომ თქვენი ლოცვა–კურთხევით დაარსებული „წიგნის სავანე“, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმეში, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ. უკვე დღეს მინდა გავაჟღერო, რომ ოფიციალური შეხვედრა გაიმართა საპატრიარქოს მეუფეებისა საქართველოს პარლამენტში და მომავალი წელიწადი გამოცხადდა პატრიარქის საიუბილეო წლად. 80 წლისთავი მისი დაბადებიდან და 35 წელი მისი პატრიარქობისა. ბედნიერია ქართველი ერი, რომელიც ამ თარიღს აღნიშნავს და დიდია წყალობა ჩვენზე, თქვენო უწმინდესობავ, რისთვისაც ვმადლობთ ღმერთს და მრავალჟამიერ სიცოცხლეს გისურვებთ, გაიხარეთ. დიდი მადლობა.“

შეხვედრისას ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ:

 
„მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფეო, მამანო, ძმანო, ქალბატონებო, ბატონებო, მე ყველაფერს ველოდებოდი ჩემს პატრიარქობაში, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამასაც მოვესწრებოდით, რომ საპატრიარქოს ექნებოდა თავისი ასე მშვენივრად მოწყობილი ბიბლიოთეკა. მე მახსენდება ჩემი სწავლის წლები მოსკოვის სასულიერო სემინარიაში და აკადემიაში. ერთი პროფესორი ჩვენ გვეუბნებოდა, რომ აკადემია არ მოგცემთ თქვენ მთელ განათლებას, აკადემია მოგცემთ თქვენ გასაღებს და თქვენ უნდა შეხვიდეთ წიგნთა სამყაროში და იქ მიიღოთ განათლება და ცოდნა. – და მართლაც როგორც კი მთავრდებოდა ჩვენი ლექციები და იმის შემდეგ სადილი იყო, სადილის შემდეგ ჩვენ მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ჩვენ ვეძებდით წიგნებს, ვისაც რა აინტერესებდა. ესე იგი მთელი კურსი სტუდენტების იყო გაყოფილი შუაზე, ერთი ჯგუფი განსაკუთრებით სწავლობდა კონსპექტებს და მეორე ჯგუფი წავიკითხავდით კონსპექტებს და მერე მივდიოდით ბიბლიოთეკაში და იქ ვეძებდით ჩვენთვის საინტერესო წიგნებს. – და მე მყავდა შესანიშნავი ამხანაგი, მეგობარი, რომელიც დაინტერესებული იყო ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ისტორიული, მხატვრული ლიტერატურით და მეც როგორღაც ჩამითრია ამ კითხვაში და ჩვენ ვეძებით წიგნებს. შედარებაც არ შეიძლებოდა იმდენად განსხვავდებოდნენ ეს სტუდენტები, რომელნიც კითხულობდნენ წიგნებს, იმათგან, რომელნიც სწავლობდნენ მხოლოდ მასალას კონსპექტების მიხედვით. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც წიგნის ფასი არ ესმის მრავალს და დღედაღამე მიჯაჭვული არიან ამ ტელევიზორებთან და ინტერნეტთან. მე მინდა გთხოვოთ ყველას, ვთხოვო ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდობას, ხანდაზმულებს, რომ ყველაზე კარგი მეგობარი არის წიგნი. წიგნი უნდა იყოს თქვენი უახლოესი მეგობარი და აი ჩემი ასეთი ლოცვა–კურთხევაა, რომ თქვენ ყოველდღე იკითხოთ წიგნები. ვერავითარი ტელევიზორი და ინტერნეტი და სხვა თანამედროვე საშუალება, ვერ შეცვლის წიგნსა. მე მახსენდება, არ ვიცი მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი და ვიღაცამ მაჩუქა ფული და წავედი წიგნის საყიდლად. ჩვენთან ახლოს იყო წიგნების მაღაზია, შევედი და უნდა ვიყიდო წიგნი და რომელი წიგნი უნდა ვიყიდო მეც არ ვიცი... ვუყურებ, რომელი წიგნი უფრო ლამაზია... ჰოდა, ერთი რაღაც ლურჯი, ყდიანი იყო მახსოვს ეს მომენტი, ლურჯი ყდით იყო და ზედ ეწერა „ვოლგა, ვოლგა...“ აი ის წიგნი ვიყიდე, პირველი წიგნი, ჰოდა, ძალიან მიყვარდა ის წიგნი. სანამ სწავლას დავიწყებდით, მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი განათლებულ ადამიანებს და ავიღებდი მელანს და ცოტას თითებზე წავისმევდი, რომ სხვებმა მეთქი იფიქრონ, რომ მწიგნობარი ყოფილა და წერაც სცოდნია, აი ასეთი დამოკიდებულება მქონდა...

მე გილოცავთ ამ დიდებულ მოვლენას, მე ვიტყოდი მოვლენას. ჩვენთან თითქმის უკვე აღარ იყო ბიბლიოთეკა და აი ესე შეგროვდა ამ ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში და მე მქონდა ბათუმში, სოხუმში, ჯერ სტუდენტობაში ვაგროვებდი წიგნებს, მერე მჩუქნიდნენ და რაღაც ცოტაოდენი დამხვდა წინა პატრიარქების, განსაკუთრებით ბეჭედიც არის, თქვენ ალბათ გინახავთ ამ წიგნებზე, კალისტრატეს ჰქონდა ყველაზე მეტი წიგნი. და ეს ყველაფერი შევკრიბეთ და არის აქ. ეს შესანეშნავი მოვლენაა, რომ ეს კაფე თუ სატრაპეზო გახსენით აქ, ჩვენს სამონაზვნოს კარგი აზრი მოუვიდა და მე მინდა გთხოვოთ, რომ სტუდენტები, რომელნიც შემოვლენ თქვენთან და არ ექნებათ გადასახადი ფული, მაინც უნდა გაუმასპინძლდეთ და მე გადავიხდი ამ ფულსა. და აი ეხლავე გაძლევთ სამას დოლარს. როცა გაგითავდებათ მითხარით და კიდევ შემოვიტან იმათთვის.

ღმერთმა დალოცოს მეუფე პეტრე, რომელმაც შექმნა ეს სიმყუდროვე, ეს შესანიშნავი სავანე და მე ვეცდები, რომ ხშირი სტუმარი ვიყო თქვენი. ღმერთმა დალოცოს უპირველესყოვლისა მუშაკები, მე ყველას ვიცნობ, დიდი დამსახურებული ადამიანები ბრძანდებით და გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და მრავალი ადამიანი გაახარეთ თქვენი კეთილი საქმით. მე მინდა დავლოცო მეუფე პეტრე, დირექტორი ამ ბიბლიოთეკისა სამონაზვნე მართა, მე იმედი მაქვს, რომ მალე მონაზონიც გახდება და ყველას გილოცავთ, მთელ საქართველოს ვლოცავ, ეს რაღაც ისეთი ნიშანია, ღმერთი გვაძლევს ჩვენ ნიშანს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული გველოდება წინ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მალე გვენახოს საქართველო გამთლიანებული. ამინ.“

2013 წლის მონაცემებით ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 80.000 ეგზემპლარს შეიცავს. შეიქმნა ელექტრონული კატალოგის პროგრამა და დაიწყო ელექტრონული კატალოგიზაცია მომავალი ინტერნეტ–საიტისთვის. ახალ პირობებში შესაძლებელი გახდა უიშვიათესი, ძველი, რარიტეტული წიგნების ძირითადი ფონდიდან გამოყოფა და ცალკე, ხელუხლებელ ოქროს ფონდში სათანადო სახით შენახვა.

2013 წლის 12 მარტს, პირველად საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ისტორიაში ოფიციალურ დონეზე გაიმართა, ოქროს ფონდში დაცული უძველესი 1559–1840 წლებში გამოცემული წიგნების გამოფენა. ბიბლიოთეკას ეწვია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, სამღვდელოება, სტუდენტობა და ინტელიგენცია. გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ:

 
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ჩვენო სულიერო შვილებო, ქალბატონებო, ბატონებო, მე გულითადად მოგესალმებით ამ შესანიშნავ დაწესებულებაში, „წიგნის სავანეში“, ჩვენ თუ გვინდა რომ გვყავდეს განათლებული ხალხი, განათლებული ახალგაზრდობა, აუცილებლად უნდა, ადამიანი კითხულობდეს წიგნებს, ის პირობები, რომელიც შეიქმნა ინტერნეტის სახით და პრესის სახით, ეს არის მეტად ზედაპირული და ხშირად არასასურველი, აი ამიტომ მე ვიხსენებ ჩემს სტუდენტობას, სტუდენტობის წლებს. ჩვენი სტუდენტები იყვნენ გაყოფილი შუაზე, ერთი ნაწილი კითხულობდა ლექციებს, ხოლო მეორე ნაწილი კი, როგორც კი მთავრდებოდა ლექციები მივდიოდით ბიბლიოთეკაში და იქ ვეძებდით ჩვენთვის საინტერესო წიგნებს. და ძალიან განსხვავდებოდა განათლების დიაპაზონი. აი ამიტომ, მე სპეციალურად მივეცი ლოცვა–კურთხევა, რომ დღეს სტუდენტებიც ყოფილიყვნენ ჩვენთან ერთად და თქვენ უნდა გაითავისოთ, თქვენ ხშირი სტუმრები უნდა იყოთ, სტუმრები კი არა, მასპინძლები უნდა გახდეთ.

მე განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი მეუფე პეტრეს, რომელმაც ასე შესანიშნავად მოაწყო ეს ბიბლიოთეკა და ეს არის სამაგალითო საქართველოში კი არა, საერთოდ სამყაროში და მე მინდა დავლოცო ჩვენი ღვაწლმოსილი თანამშრომლები ბიბლიოთეკისა, მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, თქვენ ნამდვილად გმირები ხართ, რომ დარჩით ერთგული წიგნისა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ახალგაზრდობას შევაყვაროთ წიგნები და ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს ბავშვობიდან, ყრმობიდან. თქვენ იცით, რომ არსებობს განწყობის თეორია დიმიტრი უზნაძისა და ეს განწყობის თეორია, უნდა იყოს გამოყენებული, ამ წიგნის მიმართ, განათლების მიმართ და აი ჩვენ წამოვაყენეთ ისეთი იდეა, რომელიც ჯერ არ ყოფილა მსოფლიოში; უნდა დავუდგათ ძეგლი განწყობის თეორიას. მე გუშინ მქონდა შეხვედრა მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, არქიტექტორთან და მხატვართან, ამ ძეგლის შესახებ. საერთოდ ყოველი საქმე, იწყება განწყობით. განწყობა – ეს მთავარია. თუ არ არის განწყობილი ადამიანი ამა თუ იმ საქმის მიმართ, ის საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი.

ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენი საქართველო დალოცოს და გილოცავთ... ეს არის ნამდვილად წიგნის სავანე და ხშირად მობრძანდით აქ. ჩვენთან არს ღმერთი, არს და იყოს. ამინ.“

2013 წლის 2 ივნისს, საპატრიარქოს ბიბლიოთეკას გადმოეცა, ქართულ–სომხური სადავო ნორაშენის ეკლესიაში არსებული მეცნიერებათა აკადემიისა და საქალაქო სხვადასხვა ბიბლიოთეკის შერეული წიგნადი ფონდი. ამავე დღეს მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ ჩვენს ქვეყანაში დააწესა ყოველი შაბათი დღე – „წიგნის დღედ“. ამასთან დაკავშირებით, 8 ივნისს, შაბათ დღეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ეწვია საპატრიარქოს ბიბლიოთეკას „წიგნის სავანეს“ და კიდევ ერთხელ დალოცა კოლექტივი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება