საქართველოს რეგულარული ჯარის გენერალური შტაბი
რეგულარული ჯარის გენერალური შტაბი — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი განყოფილება. შტაბს სათავეში ედგა გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც ომის დროს არმიის საველე შტაბის უფროსად ინიშნებოდა. 1918 წლის ორგანიზაციით გენერალური შტაბი შედგებოდა ექვსი სექციისაგან:
- საოპერაციო — ამ სექციას ევალებოდა ჯარის შედგენა და ორგანიზაცია, მობილიზაცია, დაზვერვა, ჯარების გაწვრთნა და აღლუმი, ტერიტორიის დაცვა და რკინიგზის საქმე, საზღვრების დაცვა და საველე ჯარების ოპერაციები ომის დროს;
- საორგანიზაციო — შეიმუშავებდა საკითხებს, რომლებიც შეეხებოდა ახალგაზრდების ჯარში გაწვევას, დისციპლინას, სამხედრო სკოლებს, სამსახურის წესრიგს, ჯარის შინაური ცხოვრების ვითარებას და სამხედრო გამოცემათა საქმეს;
- საარტილერიო — განაგებდა ჯარისათვის ზარბაზნების, შაშხანებისა და სხვა საომარი იარაღისა და მასალის მიწოდების საქმეს, საარტილერიო ქარხნების, საწყობების, მსროლელთა სკოლებისა და სასწავლო პოლიგონების საქმეს;
- საინჟინერო — სატექნიკო სექცია უზრუნველყოფდა ტექნიკურ ნაწილებს მათთვის საჭირო მასალით და განაგებდა საინჟინრო-ტექნიკურ სკოლას;
- სამხედრო — საზღვაო შეიმუშავებდა სამხედრო-საზღვაო საკითხებს.
1919 წელს ჩატარდა შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია, რომლის შემდეგაც გენერალური შტაბის განყოფილებაში დარჩა 4 სექცია:
- ოპერატიული;
- სამხედრო-საზღვაო;
- კანცელარია;
- სამხედრო-საისტორიო არქივის წიგნთსაცავი.
საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციები სამნეო განყოფილების დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1918 წელს არსებული საორგანიზაციო სექცია - ოპერატიული სექციის დაქვემდებარებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 330.