საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა — საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაარსდა 1996 წლის 3 მაისს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაფუძნებულია ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობაზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მართვის უმაღლესი ორგანოა ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — პალატის გამგეობა, რომელიც 7 წევრისაგან შედგება და აირჩევა კრების მიერ სამი წლის. გამგეობის თავმჯდომარეს, ასევე, ირჩევს საერთო კრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.
სახელმწიფო კონტროლს ნოტარიატის საქმიანობაზე ახორციალებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობა, მაგრამ უფლება არ აქვს ჩაერიოს ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაში. 2007 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გაერთიანდა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირში ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირი.
ფუნქციები და მიზნები
რედაქტირებასაქართველოს ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, ეხმარება მათ სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში, უზრუნველყოფს ნოტარიუსების ჩაბმას ნოტარიატის ფუნქციონირების პრობლემების გადაწყვეტაში და ნოტარიუსების საერთო პროფესიული ინტერესების განხორციელებაში. საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ორგანიზებას უწევს ნოტარიუსობის კანდიდატთა სტაჟირებას, ზრუნავს ნოტარიუსების, სანოტარო ბიუროების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ნოტარიუსთა პროფესიული დღე
რედაქტირებანოტარიუსთა პროფესიული დღე, 7 ნოემბერი, საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება. იგი ქრისტიანულ დღესასწაულს — მოწამეების, წმინდა მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღეს უკავშირდება.
ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსი
რედაქტირებანოტარიუსთა ეთიკის კოდექსი საქართველოში 2011 წლის 6 ოქტომბერს მიიღეს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ნოტარიატის ისტორიაში პირველი ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსია. იგი განსაზღვრავს ნოტარიუსის პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და მორალურ სტანდარტებს, რომლითაც ნოტარიუსმა უნდა იხელმძღვანელოს, როგორც მოქალაქეებთან, ასევე, სახელმწიფო ორგანოებსა და კოლეგებთან ურთიერთობისას.
ნოტარიუსთა პალატის მომსახურება
რედაქტირებასაქართველოს ნოატრიუსთა პალატაში მოქალაქე იღებს ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურებას. ნოტარიუსთა პალატის არქივში ინახება უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაციის არქივი და გაიცემა აღნიშნული დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ნოტარიუსთა პალატის არქივში დანერგილია დაჩქარებული მომსახურებაც.
2011 წლიდან ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისის მიღება იუსტიციის სახლებსა და სანოტარო ბიუროებშიც შეიძლება.
სანოტარო მომსახურება
რედაქტირებასანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. ძირითადი სანოტარო მოქმედებებია:
- ადასტურებს გარიგებებს (იპოთეკა, ნასყიდობა და სხვ);
- გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას;
- ამოწმებს მინდობილობა/რწმუნებულებას;
- ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;
- ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;
- ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;
- ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;
- დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს;
- გასცემს სააღსრულებო ფურცელს;
- ახორციელებს ქონების უფლების, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის რეგისტრაციას და გასცემს ამონაწერს;
- ახორციელებს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციას;
- აქვს ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლება.
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსების მიერ 2011 წელს სულ 1,413,668 სანოტარო მოქმედება შესრულდა. აქედან 25,628 სანოტარო აქტი ონლაინ რეჟიმში დამოწმდა. 2012 წელს ინტერნეტის მეშვეობით უკვე 19,103 სანოტარო მოქმედება შესრულდა. საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ინტერნეტის მეშვეობით სრულდება.
2011 წელს ნოტარიუსების მიერ 1271 სააღსრულებო ფურცელი გაიცა. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების საფუძველზე გასცემს. 2012 წელს უკვე 1278 სააღსრულებო ფურცელი გაიცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი