სატარიფო პალატასაქართველოს შრომის სამინისტროსთან არსებული ორგანო, რომლის ფუნქციებშიც შედიოდა: საკვები პროდუქტების ბაზრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მონაცემების მოპოვება ხელფასების შესახებ, დასკვნების დადება საარსებო ხარჯის მომატებასთან დაკავშირებით, მუშების მოთხოვნების შესახებ აზრის დაფიქსირება, კოლექტიური კონტრაქტების შესწავლა და რატიფიცირება, საარსებო საშუალო მინიმუმის დადგენა რესპუბლიკის მასშტაბით, სახელფასო თანხის დადგენა პროფესიების, ინდუსტრიების, რეგიონების მიხედვით, სხვადასხვა ინდუსტრიულ სფეროში სამუშაოს პროდუქტიულობის „სტანდარტის“ დადგენა, გამომუშავებითი ხელფასების ნორმების დადგენა, სავალდებულო არბიტრაჟის განხორციელება ხელფასების სფეროში, განაკვეთური ხელფასის პერიოდული და საგანგებო შემოწმებისთვის თარიღების დანიშვნა, სპეკულაციისა და საარსებო ხარჯის მატების დასამარცხებლად ზომების მიღება, რესპუბლიკის პროდუქტიულობის განვითარებისა და ხელფასის რეგულარიზაციის საკითხის შესწავლა, შრომის სამინისტროსთვის განსახილველად კანონებისა და ბრძანებულებების პროექტების გადაცემა.

სატარიფო პალატა 1919 წლის აპრილში გამართულ პროფკავშირების პირველი ყრილობის შემდეგ შეიქმნა. ამ ინიციატივას შრომის მინისტრის მოადგილე და შემდგომი შრომისა და მომარგების მინისტრი გიორგი ერაძე ედგა სათავეში. სატარიფო პალატის თავმჯდომარე ილია გოლდმანი იყო. პალატა შედგებოდა შრომის სამინისტროს, მუშებისა და დამქირავებლების წარმომადგენლებისგან 1/3 პრინციპის დაცვით. პალატამ თავისი არსებობის თითქმის ორწლიანი პერიოდის განმავლობაში არაერთი შრომითი დავა განიხილა და გამოიტანა თავისი ვერდიქტი. პალატის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად 1919-1920 წლებში არაერთი გაფიცვა იქნა თავიდან აცილებული. ფინანსური არასტაბილურობის, ფასების მუდმივი ზრდის, შეუჩერებელი ინფლაციის პირობებში, პალატის მიერ დამტკიცებული სახელფასო განაკვეთები, სურსათისა და სხვა საქონლის ფასების რეგულირება მუშათათვის უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენდა მუშების ისედაც მძიმე მდგომარეობის გაუარესებისგან დაცვის კუთხით. პალატამ რამდენჯერმე სახელფასო განაკვეთების 40-60-100 %-იანი ზრდის გადაწყვეტილება მიიღო, სურსათზე ფასების ზრდის გამო. პალატა დროგამოშვებით მუშათა პროფკავშირების მიერ უსაფუძვლოდ წამოწყებულ ინიციატივებს ხელფასის გაზრდის შესახებ არ აკმაყოფილებდა, მაგალითად, 1919 წლის თბილისის სააფთიაქო მუშათა პროფკავშირების მოთხოვნა ხელფასების მომატებაზე არ გაითვალისწინა. 1920 წელს საქართველოში ვიზიტად მყოფი კარლ კაუცკი აქტიურად აკვირდებოდა სატარიფო პალატის მუშაობას, რომელსაც მსოფლიოში მაგალითი არ მოეპოვებოდა. შემდგომში საქართველოს შესახებ გამოცემულ წიგნში კაუცკიმ დაწერა:

ვიკიციტატა
„სატარიფო პალატა ვალდებულია იხელმძღვანელოს საარსებო მინიმუმისა და დასაქმებულთა ხელფასის გათვალისწინებით; შეისწავლოს მუშათა დავები; განიხილოს კოლექტიური ხელშეკრულებები და მიიყვანოს ისინი შეთანხმებამდე. საბოლოოდ კი მუშათა და დამქირავებელთა დავების დროს იმოქმედოს, როგორც მედიატორმა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 362.