სანთის ციკლოპური ციხე

სანთის ციკლოპური ციხე — ციკლოპური ნაციხარ-ნაქალაქევი. მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სანთაში, სოფლის ჩრდილოეთით, მთის წვერზე და მის შუა სიმაღლეზე, დავაკებულ ფართობზე (პლატოზე). ადგილობრივი მოსახლეობა „ქოროღლის“ უწოდებს.

მთის წვერზე ნაქალაქევის გვერდით ნასოფლარის კვალი ჩანს, რომლის ბოლოში პატარა ნიშია. ამ ნიშის მახლობლად აღმართული იყო „ერატიპა“, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გადააგორეს მთის უკანა მხარეს, ტბისკენ, სადაც ახლა გდია. ნაციხარი რამდენიმე ზღუდიდან შედგება. თითოეული რამდენიმე მეტრის სისქისაა. ქვედა ნაციხარი მთის დავაკებულ ფერდობზე მდებარეობს ისე, რომ ყველა მხრიდან კლდეები არტყია, გარდა უკანა ნაწილისა, საიდანაც შეიძლება მასზე ასვლა.

ნაციხარი ოთხკუთხედის გეგმისაა სამი ცილინდრული კოშკითურთ ჩრდილოეთის მხრიდან, რომლებიც ერთსა და იმავე ზომისა არ არიან. ზღუდებიდან მეტ ნაკლებად კარგადაა დაცული ჩრდილოეთისა და დასავლეთისა, ხოლო აღმოსავლეთისა და სამხრეთისა სულ განადგურებულია. ოთხკუთხედის ზომა შიგნით შემდეგია: სიგრძე 30 მეტრი, სიგანე 14 მეტრი; კედლის სისქე 2,5-3 მეტრი. ცილინდრული კოშკების დიამეტრი — 9 მეტრი, შიგნით — 2,7 მეტრი.

„ქოროღლი“-ს შესახებ არსებობს ხალხური თქმულება, თითქოს იგი „ყაჩაღ-ქოროღლი"-ს აშენებული იყოს, მაგრამ ეს შეცდომაა, რამდენადაც XVI-XVIII საუკუნეების ფანტასტიური პერსონაჟი ქოროღლი ძველი დროის მეგალითური ციხის ამშენებელი ვერ იქნებოდა.

ციკლოპურ ციხეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 55-56