სამი მსუქანი
„სამი მსუქანი“ (რუს. Три толстяка — მწერალ იური ოლეშას ზღაპარი, დაწერილი 1924 წელს. მასში მოთხრობილია გამოგონილ ქვეყანაში მესაჭურვლე პროსპეროს და ტანმოვარჯიშე ტიბულის მიერ დაწყებული რევოლუციის შესახებ.
სამი მსუქანი | |
---|---|
პირველი გამოცემის გარეკანი, 1928 | |
ჟანრი | რომანი-ზღაპარი |
ავტორი | იური ოლეშა |
მშობლიური ენა | რუსული |
დაწერილია | 1924 |
გამოცემულია | 1928 |
სიუჟეტი
რედაქტირებაქვეყანაში რევოლუციური მდგომარეობაა — მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა, აქა-იქ ამბოხებულთა გვარდიელებთან შეტაკებებია. რევოლუციონერთა ლიდერები არიან მესაჭურვლე პროსპერო და ტანმოვარჯიშე ტიბული. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ფართო პროფილის მეცნიერი, გასპარ არნერი, ხალხს უთანაგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად უზრუნველყოფილი პიროვნებაა. პროსპეროს აპატიმრებენ და ცხოველთა საპყრობილეში კეტავენ, მაგრამ ტიბული თავისუფალია. იგი არნერის სახლში იმალება – მეცნიერის დახმარებით, შენიღბული, როგორც შავკანიანი. მეორე დღეს ტიბული შემთხვევით შეიტყობს სამი მსუქნის სასახლის სამზარეულოსთან დაკავშირებულ გვირაბზე – საიდუმლოს მას უამბობს საჰაერო ბუშტების გამყიდველი, რომელიც მანამდე ბუშტებით შეცდომით შეფრინდა სამზარეულოში და მხოლოდ ბუშტების სანაცვლოდ გათავისუფლდა მზარეულებისგან, რომლებიც მას ემუქრებოდნენ.
ამასობაში ამბოხებული გვარდიელები ხმლებით აფუჭებენ მემკვიდრე ტუტის კუთვნილ მექანიკურ თოჯინას. როგორც ქვეყნის ყველაზე ბრძენ ოსტატს, არნერის აძლევენ დავალებას, ერთ დღეში და ერთ ღამეში შეაკეთოს თოჯინა - წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ელის. ვინაიდან ტექნიკურად არ შეუძლია თოჯინის შეკეთება, იგი ბრუნდება სასახლეში, რათა ჩაბარდეს ხელისუფლებას, მაგრამ გზაში თოჯინას კარგავს. ძიებისას იგი მოხვდება მოხეტიალე მსახიობთა ფურგონში, სადაც პოულობს ძველ ნაცნობს, ცირკის გოგონა სუოკს. იგი დამტვრეულ თოჯინას საოცრად ჰგავს და ტიბულის (იმავე საცირკო დასის წევრის) ინიციატივით, ენაცვლება თოჯინას და განასახიერებს მას, რათა დაეხმაროს რევოლუციონერებს პროსპეროს გათავისუფლებაში. მეტიც, არნერი მსუქნებს აფრთხილებს, რომ ამბოხებულების სიკვდილით დასჯა უნდა გადადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თოჯინა მოკვდება და ტუტის გული ეტკინება.
გოგონა ათავისუფლებს პროსპეროს, იპარავს რა მისი გალიის გასაღებს ტუტისგან. იქვე, საპყრობილეში, სუოკი პოულობს მეცნიერ ტუბს, რომელიც დიდი ხნის ტყვეობის შედეგად იქცა საზარელ, ბეწვით დაფარულ არსებად. სიკვდილის წინ ტუბი უამბობს, რომ სუოკი და ტუტი სინამდვილეში დაშორებული ტყუპები არიან. პროსპერო იპარება სასახლიდან, მაგრამ გოგონას აპატიმრებენ და მიუსჯიან ვეფხვების მიერ დაგლეჯას. ტუტის ამასობაში რამდენიმე დღით აძინებენ. მიუხედავად ამისა, გვარდიელები, გადასულები ხალხის მხარეს, გოგონას ჩაანაცვლებენ თოჯინით და სასიკვდილო განაჩენის შესრულებისას ხელისუფლებას ამხობენ. სუოკი და ტუტი კვლავ ერთად არიან.
მოქმედების ადგილი
რედაქტირებარომანში ჯადოსნური ძალა არ ფიგურირებს, თუმცა არსებობს ფანტასტიკური ჟანრის ელემენტები. მეცნიერმა ტუბმა უარი თქვა ტახტის მემკვიდრე ტუტისთვის რკინის გულის შექმნაზე. ცხოველების საპყრობილეში რვაწლიანი ტყვეობის შემდეგ იგი იქცა მგლის მსგავს არსებად - ჰქონდა გრძელი ეშვები, ტანი კი დაფარული იყო ბეწვით.
მოქმედების ადგილი არ არის დასახელებული, თუმცა, პერსონაჟების სახელების მიხედვით აშკარაა, რომ ეს ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა. გვარები ან სახელები ან გამოგონილია, ან აღებულია სხვა ენებიდან. აქა-იქ ჩნდებიან ესპანელი მსროლელი და გერმანელი ზოოლოგი, თუმცა პერსონაჟები მათ უცხოელებად თვლიან.
ქვეყანას მართავს სამი მსუქანი – მონოპოლისტი მაგნატები, რომლებსაც არ აქვთ წოდება ან ფორმალური მოვალეობა. უცნობია, თუ ვინ მართავდა ქვეყანას მანამდე. მსუქნებს ჰყავთ არასრულწლოვანი მემკვიდრე ტუტი, რომელსაც უნდა გადაეცეს მმართველობა. თავად მსუქნები წარმოდგენილები არიან, როგორც მდიდარი, მსუნაგი და უქნარა პიროვნებები, ხოლო ხალხი შედგება მშიერი ღარიბებისგან. არის გამონაკლისებიც – ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გასპარ არნერი, რომელიც სხვა ფენას მიეკუთვნება, მაგრამ მხარს უჭერს რევოლუციონერებს. აგრეთვე ნახსენებია გვარდიელები, რომლებიც მსუქნების ერთგულ სხვა გვარდიელებს ესვრიან.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაავტორმა ნაწარმოები მიუძღვნა ვალენტინა გრიუნზაიდს, გოგონას, რომელიც შემთხვევით გაიცნო მოსკოვში – შემდგომში იგი მწერალ ევგენი პეტროვის მეუღლე გახდა. სახელი „სუოკი“ იყო თავად ოლეშას მეუღლის, ოლგას გვარი ქორწინებამდე. თუმცა, მეორე ვერსიით, მწერლის მეუღლე იყო მისი და, სერაფიმა სუოკი[1]. ნაწარმოებში ხაზგასმულია, რომ სახელი „სუოკი“ „დაჩაგრულთა ენაზე“ ნიშნავს „მთელ სიცოცხლეს“.
გასპარის შინამსახურ განიმედის გვარი უკავშირდება ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟს. პროსპერო ჰქვია შექსპირის „ქარიშხალის“ გმირს. გვარი „ბონავენტურა“ არის ჯოვანი ფიდანცას, შუასაუკუნოვანი ფილოსოფოსის ფსევდონიმი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ს. კური რა საიდუმლოს მალავს წიგნი „სამი მსუქანი“? დაარქივებული 2017-11-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აიხენბაუმი, ბ. მ., ჩემი მატიანე. სანქტ-პეტერბურგი., 2001. გვ. 623−624. — ალექსანდრე შედრეცოვი