სამისდღეშიო რჩენა
სამისდღეშიო რჩენა — ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მარჩენალი მოვალეა გადაუხადოს სარჩენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სარჩო, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო სარჩენი მოვალეა გადასცეს მარჩენალს საკუთრებად ქონება. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით)[1].
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება განპირობებულია სხვადასხვა გარემოებით. ძირითადად, იგი იდება იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც რჩენის მოვალეობის სანაცვლოდ გადასცემს თავის ქონებას. ხელშეკრულების საგანია ის ქონება, რომელიც არის სარჩენის საკუთრება. ეს ქონება შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი. თავის მხრივ, მარჩენალი ვალდებულია ამ ქონების სანაცვლოდ უხადოს სარჩენს სარჩო, რომელიც შეიძლება დადგინდეს ფულადად ან ნატურალური სახით. თუ სარჩო დადგენილია ნატურალური სახით, მაშინ ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ყველა პირობა[2].
სამისდღეშიო ხელშეკრულება არის ვადიანი, მაგრამ, როგორც წესი, კალენდარული თარიღით კი არ არის განსაზღვრული, არამედ სარჩენის მთელი სიცოცხლის ვადით, თუმცა ხელშეკრულებით სხვა რამეც შეიძლება იყოს გათვალისწინებული. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსაზღვრულ დროზე, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩოს გადახდას სარჩენისთვის[3]. რაც შეეხება სარჩოს გადახდის ვადებს, იგი დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით[4]. სარჩოს ხასიათში იგულისხმება ის, თუ რა სახისაა სარჩო — ფულადი, თუ ნატურალური. ფულადი სარჩოს გადახდის ვადები შეიძლება განისაზღვროს გარკვეული დროის მიხედვით (მაგალითად, თვეში ერთხელ), ხოლო ნატურალური სარჩო, როგორც წესი, განისაზღვრება ყოველდღიურად, მაგალითად, მარჩენალმა სარჩენი უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვებით. სარჩოს მიზანში იგულისხმება ის, თუ რა მიზნითაა სარჩო დადგენილი. ეს შეიძლება იყოს მკურნალობა და სხვა აუცილებელი დახმარება[5].
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს უძრავი ქონების გადაცემას, მაშინ იგი, წერილობით ფორმასთან ერთად, საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას[6]. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
ხელშეკრულების შინაარსი
რედაქტირებასამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, მარჩენალს საკუთრებაში გადაეცემა სარჩენის ქონება, მაგრამ მარჩენალის საკუთრების უფლება ამ ქონებაზე შეზღუდულია. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არ აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას (სარჩენს) აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე[7].
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, მარჩენალი სარჩენს უხდის სამისდღეშიო სარჩოს, თუმცა მისი გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება მიეღოთ სარჩო მარჩენალისგან, მაგრამ იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს. ასეთ პირებს, თუკი ისინი ვერ იღებენ კანონით გათვალისწინებულ სარჩოს, უფლება აქვთ მოითხოვონ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება. თუ ხელშეკრულება მოიშლება, მაშინ ქონება უბრუნდება სარჩენს[8].
მარჩენალისთვის გადაცემული ქონების შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების შემთხვევაში, მარჩენალი არ თავისუფლდება სარჩოს გადახდისგან[9]. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ქონების დაზიანებაში არც ერთ მხარეს არ მიუძღვის ბრალი, ანუ სახეზეა „ფორსმაჟორული“ სიტუაცია (მაგალითად, მიწისძვრა, მეწყერი და ა.შ.)[10].
ხელშეკრულების შეწყვეტა
რედაქტირებაროგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ანდა სხვა არსებითი მიზეზების გამო უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას[11]. მოვალეობათა დარღვევაში იგულისხმება შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, მარჩენალი დროულად არ იხდის სარჩოს. ეპიზოდურმა დარღვევებმა, რომლებიც შემთხვევითი ხასიათისაა, არსებით გავლენას არ ახდენს მხარეთა ინტერესებზე და მათი აცილება მომავალში შესაძლებელია, არ უნდა გამოიწვიოს ხელშეკრულების მოშლა. რაც შეეხება სხვა არსებით მიზეზს, რომლებიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას, ეს, მაგალითად, შეიძლება იყოს მარჩენალის მატერიალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც მას აღარ შეუძლია სარჩოს გადახდა[12].
სამისდღეშო რჩენის ხელშეკრულებით გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება, თუ მხარეებს ხელშეკრულებით სხვა რამ არ აქვთ გათვალისწინებული[13].
მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში, სარჩენის რჩენის ვალდებულება გადადის მის მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს ქონება. თუ მემკვიდრეები უარს იტყვიან ამ მოვალეობის შესრულებაზე, მაშინ ქონება დაუბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება შეწყდება[14].
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, თბ., 2001
- ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, თბ., 2001. გვ. 315
- ↑ ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999. გვ.230
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 944-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, თბ., 2001. გვ. 317-318
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 945-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 946-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 948-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, თბ., 2001. გვ. 323
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, თბ., 2001. გვ. 324-325
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის მე-2 ნაწილი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 950-ე მუხლი