სამარხი (ვაზის ჯიში)

სამარხიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში გურიიდან.

სახელწოდება შერქმეული აქვს შენახვის განსაკუთრებული უნარის გამო.

სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას გამოჩენამდე სამარხი ფართოდ ყოფილა გავრცელებული გურიის რაიონებში და ადგილობრივი მოსახლეობა სასუფრე ყურძნად იყენებდა. ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი დასავლეთ გურიაში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმ-სის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური, თეთრი ფერის, საკმაოდ სქელი და მკვრივკანიანი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. გემო — სასიამოვნო და ტკბილი.

სამარხი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 192 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.8 გ/ლ-ს.

გარეგნული სილამაზით და გემური თვისებებით სამარხი ხარისხიან სასუფრე ყურძნის ჯიშად ითვლება. გააჩნია შენახვისა და ტრანსპორტირების კარგი უნარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 327