საგარეჯოს სოფლების შეწირულობის წიგნი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოველისადმი

საგარეჯოს სოფლების შეწირულობის წიგნი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოველისადმი1428 წელს დემეტრე მარკოზიშვილის მიერ შედგენილი ქართული ხელნაწერი საბუთი. აღნიშნული საბუთით მოხდა გარეჯის მონასტრის კუთვნილი სოფლების სვეტიცხოვლისთვის შეწირვა.

საბუთის აღწერა

რედაქტირება

დედანი: სეა, 1448-2243; ქაღალდი; ზომა: 127 X 23,7 სმ; გრაგნილი შედგება ერთმანეთზე გადაწებებული ოთხი კეფისაგან. დედნის პირველი სტრიქონი შესრულებულია ხვეულად; თავში, სტრიქონს ზემოთ, ასომთავრულად მიწერილია სკდ (224). ესაა საბუთის რეგისტრაციის ნომერი, რომლითაც იგი გატარებული იყო XVII საუკუნეში შედგენილ მცხეთის საბუთების პირების წიგნში (სინოდის კანტორის №507). საბუთის ეს პირი მოღწეული არ არის; იგი დაიკარგა არქივის ჩრდილოკავკასიაში ევაკუაციის დროს, 1915-1916 წლებში. განკვეთილობის ნიშანი — სამი წერტილი. დაზიანებულია (განსაკუთრებით კიდეები); რესტავრირებული. საბუთის ძველი საარქივო-ააღრიცხვო ნომერი: №5.

მოღწეულია საბუთის სამი პირი: 1. სეა, 1449-2217; XIX საუკუნის დამღიანი ქაღალდი ჭვირნიშნით; დავთრის ორი ფურცელი; საბუთის ბოლოს პირის გადაწერის შენიშვნა: „დედანთან სწორია“ (რუსულად); 2. ხეც, Sd-2882; 3. ხეც, Sd-2883 (გადაწერილი XIX საუკუნეში დ. ბაქრაძის მიერ).

ექსცერპტი: სეა, 1451-I/66, ფ. 1r, გატარებული 1818 წ. სინოდის კანტორის სარეგისტრაციო წიგნში.

საბუთს უზის თარიღი: ალექსანდრეს მეფობის გ (3) ინდიქტიონი, ქ(ორონი)კ(ონ)ი რივ (1428), იანვრის კა (21).

გამოცემა: ქრ, II, გვ. 230-231 (შემოკლებული).

 
„ქ. პირველითგან მყოფო ღ(მერ)თო და მარადის თანაარსო, და არსებით ძეო და სიტყუაო მამისაო, უწინარესო ჟამთაო, ღ(მერ)თო მამაო, ღ(მერ)თო ძეო და ღ(მერ)თო სულო წმიდაო, არა სამნო ღ(მერ)თნო, არამედ პირებით განუყოფელო, ბუნებითა შეუყოფელო, ღ(მრ)თეებ განუყოფელო, ერთო (მერ)თო, რომელი აღსასრულსა ჟამთასა მოხუედ შემოსად თბისა ადამიანისა, განჰკაცენ და იშევ ღ(მრთ)ევება უქცეველად ორითა ბუნებითა, და ივნე უვნებელმან ჴსნისათჳს ნათესავისა კაცთასა; და აღადგინე პირველ დაცემული მამა ჩვენი და თანააღადგინე ბუნება ჩვენი მოკუდავი, რათამცა ურჩნიცა სამკუიდრებელ შენდა ვიყვენით და ურწმუნონი მორწმუნე გეყვენ.

ეჰა, სახიერებასა შენსა, რომელმან უმჯობესი წინასწარ განიგულვე ჩუენთჳს, მოგუეც ჯუარი შენი უძლეველი, საძლეველი და ყ(ოვლა)დ ძლიერი და საყდარი დიდებისა შენისა.

ეჰა, საყდარ{ო} კათოლიკე ეკლესიაო, უდიდებულესო და უაღმატებულესო ადამის{ი}თგან ვიდრე მოაქამომდე, ყოველთა და ვიდრე აღსასრულადმდე ყოფილთა და ყოფადთა საყდართა და ეკლესიათაო დიდებაო, სიმტკიცეო, სიქადულო, საფარველო და გჳრგჳნო მორწმუნეთაო, რომელი იდიდები ანგელოზთაგან, შეიმკვები მოციქულთაგან, იკურთხევი მღდელთმოძღუართაგან და თაყვანის-იცემები მოწამეთაგან; და საშუალ გიპყრიეს და გარეშეგიცავს სასოი და მარადის მადინებელი ცხორებისა.

ეჰა, სუეტო ღ(მრ)თივ-დიდებულო და ღ(მრ)თივ-ბრწყინვალეო, სიმტკიცეო და სიქადულო ქართველთა ნათესავისაო, რომელი აღყვანებულ იქმენ ზეცად ანგელოზთა მიერ, და კუალად გამოგჳჩნდი მსხდომარეთა ბნელსა, და დაემყარე შორის ცასა და ქუეყანასა, და იწყე დენად მირონსა მას ღ(მერ)თ-მყოფელსა, რომლისა მიერ განქარდეს და დაეცნეს და შემუსრნეს, განიბნივნეს და განილივნეს ძველნი საძაგელნი და ბილწნი კერპნი არმაზ-ზადენი; და მოოხრდა ყოველი შენებულება [მა]თნი; დაიქცეს და იავარ იქმნნეს ყოველნი ბომონნი, ბაგინნი, საზორველნი და სამსახურებელნი მათნი. და აღეშენნეს მათ წილ სახლნი ღ(მრ)თისანი, ტაძარნი დიდებისანი და საყდარნი სამეუფონი, რომელსა შინა მკჳდრ არს კუართი საუფლო ზეგარდამო ქსოვილი, შეღებული სისხლითა მით საუფლოთა, რომლისა მიერ განმტკიცნა სჯული, და გა[ნ]ათლდეს ყოველნი ადამიანნი, და მხიარულ არს ყოველი სოფელი, და განთავისუფლდეს ტყუენი, და განიჴსნეს ტყუენი დაკრულ[ვილნ]ი. და ვინმე მიუთხრას და ანუ სასმენელ ყუნეს ქებულებანი შენნი.

მე, მინდობილმან და მოქენემან შეწევნათა და ცვა-ფარვათა შენთამან, თქუენ ძლით მპყრობელმან მეფობისამან, იესე-დავითია[ნ]-სოლომონ-ბაგრატონიანმან, ნებითა ღ(მრ)თისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, [კახ]თა და სომეხთა, შარვანშე და შანშე, და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა სამანთა და კედართა თჳთფლობით ჴელმწიფედ მპყრობელ-მქონებელმან, მეფედ-მეფემან პატრონმან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან თამარ და ძეთა ჩუენთა: [ვ]ახტანგ, დიმიტრი, გ(იორგ)ი და ზაალ, ჴელვჰყავ გულსმოდგინედ, ვიწყე ძიებად, რათამცა მცირედითა რათამე და უნივთოთა ნაღუაწითა გუემსახურა ჩ[უ]ენ{ი}სა საპარიაქოსა საყდრის დედაქალაქისა მცხეთისათჳს და მას შინა ღ(მრ)თივაღმართებულისა სუეტისა ცხოველისა, კუარ[თი]სა სამეუფოსა და მირონისა ღ(მერ)თმყოფელისათჳს.

ვიგულსმოდგინეთ და შევსწირეთ და მოვაჴსენეთ საგარეჯო — მთას აქათი და მთას იქითი სოფლები: ორკოშინი, ბერთუბანი, თუალნი, გიორგიწმიდა, ტაძრები, არივლი, ვერენა, კეხთა, თოლეჯი, ხუადაშენი, ვანთა, აკურა მისითა უდაბნოითა, კალაური, ნაპირი, ჯიმითი, ხუდაშენი და ვეძისხევი, რულად და უკლებლად მათითა მზღურითა, მთითა , ბარითა, საჴრმითა, უჴმრითა, საძებრითა და უძებრითა.

ჩუენთა პაპ{ა}თა და ნათესავთაგან გამართული უდაბნონი გარესჯისანი ჟამთა ვითარებითა აგარიანთ ჴელისაგან მოშლილიყო და ჩუენ, ვითა გუმართებდა, ეგრეთ ჯერვიჩინეთ და სანაცულო მამული დავიჭირეთ. და თქუენ საგარეჯო მოგაჴსენეთ და დაგიმტკიცეთ წინათვე წინსაწარმეტყუელთაგან მოსწავებულსა, ქრისტიენეთა განმანათლებელსა, ახალსა იერუსალემსა, კათოლიკე საყდარსა, სუეტსა ღ(მრ)თივ-აღმართებულსა.

და თქუენ, წმიდაო მღვდელთმთავართ უმთავრესო, შესავედრებელო სულისა ჩუენისაო, ყოვლად პატიოსანო და თანამერაბამეო წმიდათა მღუდელთმოძღუართა: ბასილი, გრიგოლი და იოანე ოქრონეკტარისაო, ქართლისა კ(ათალიკო)ზ{ო} დავით, ნუმცა დავიწყებულ ვიქმნებით თქუენ მიერ მსხუერპლშემწირველობათა შინა თქუენთა, რათა მექმნას მე წამალ და ემპლესტრო და სილოამებრ აღმეხილენ თუალნი გონებისა ჩემისანი.

და ვითა ვერავინ მკადრე არს, აგრე უცილებლად, ყოვლისა კაცისაგან შეუცვალებლად არს ჟამისა გამოცულილობისათჳს არა შეიცვალოს.

არა შეიცვალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად მომავალთა მეფეთა და დედოფალთაგან და არას ნათესავისა კაცისაგან. და ვინცა და რმანაცა კაცმან, ანუ მძლავრმან მძლავრობით, ანუ უქუედაესმან რჩომისათჳს შეცვალოს და ჴელყოს ამისად გამოჴუებად, შე-მცა-ცვალებულ არს სჯელისაგან ქრისტიანეთასა, რისხავსმცა დაუსაბამო ღ(მერ)თი, მამა, ძე და სული წმიდა. უკუეთუ მეფემან შესცვალოს, მეუფეო-მეუფეთაო, შენ იგი შესცვალე დიდებისაგან შენისა, უკუეთუ დედოფალმან შესცუალოს, დედოფალო დაბადებულთაო, შენ იგი შესცვალე დიდებისაგან შენისა და ძისა შენისა, და ვინცა სხუამან კაცმან შესცუალოს, აღიჴოცნენ და მოისპედ ქუეყანით სახსენებელი მისი; და ჩემთჳსმცა იგი განიკითხვის დღესა მას დიდსა განკითხვისასა. და ვინ დაამტკიცოს, ღ(მერ)თმან ყოველივე გაგებული მისი მტკიცე ყოს.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა გ, ხელითა სეფისა მწიგნობრისა დემეტრე მარკოზიშვილისითა, ქ(ორონი)კ(ონ)სა რივ, იანვარსა კა.

ხელრთვა (ხვეულად); ჴელმწიფეს ალექსანდრეს [მტკიცედ] დამიმტკიცებია ნებითა ღმრთისათა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომიძე დ., ჭუმბურიძე მ., სხირტლაძე ზ., გარეჯის ისტორიული დოკუმენტები, თბ., 2008, გვ. 13-15