საბერძნეთის სამოქალაქო ომები (1823–1825)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საბერძნეთის სამოქალაქო ომები (1823–1825 წწ.) წარიმართა დამოუკიდებლობისთვის საბერძნეთის ომის პარალელურად. კონფლიქტს ჰქონდა პოლიტიკური და რეგიონული განზომილებები, რამდენადაც მან რუმელიოტები, რომლებიც ცხოვრობდნენ საბერძნეთის მიწაზე და კუნძულების, უმთავრესად იდრას კუნძულის გემის მფლობელები, დაუპირისპირა პელოპონესელებს ან მორეოტესებს. ამან გახლიჩა ქვეყანა და სერიოზულად დაასუსტა ბერძნული ძალების სამხედრო მზაობა კარზე მომდგარი ეგვიპტური ინტერვენციის პირისპირ.

წინაპირობები

რედაქტირება

1821 წლის მარტის მიწურულს პელოპონესი ღია რევოლუციაში იმყოფებოდა ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ და 1821 წლის ოქტომბრისთვის, თეოდოროს კოლოკოტრონისის მეთაურობით ბერძნებმა დაიპყრეს კალამატა და ტრიპოლიცა. კალამატას დაცემის შემდეგ, "მესენიის სენატმა", რომელიც იყო ბერძენთა პირველი ადგილობრივი მმართველობითი საბჭო, გამართა თავისი საინაუგურაციო სხდომა. თითქმის ამავე დროს, "აქაველთა დირექტორატი" გამოიძახეს პატრასში. "მესენიის სენატის" ინიციატივით მოიწვიეს პელოპონესის ასამბლეა, რომელმაც 26 მაისს აირჩია სენატი. ასამბლეა მოიწვიეს, ასევე ცენტრალურ საბერძნეთში (1821 წლის ნოემბერში) ორი ფანარიოტის ლიდერობის ქვეშ: დასავლეთ ნაწილში - ალექსანდროს მავროკორდატოსი და აღმოსავლეთ ნაწილში - თეოდოროს ნეგრისი. ამ ასამბლეებმა მიიღეს ორი ადგილობრივი სტატუტი - "დასავლეთ კონტინენტური საბერძნეთის ქარტია" და "აღმოსავლეთ კონტინენტური საბერძნეთის ლეგალური წესრიგი". სტატუტები უზრუნველყოფდნენ ცენტრალურ საბერძნეთში ორი ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს შექმნას - "არეოპაგუსი" აღმოსავლეთით და "სენატი" დასავლეთით.[1] "პირველმა ეროვნულმა ასამბლეამ" აღიარა სამი ადგილობრივი სტატუტი, ხოლო "მეორე ეროვნულმა ასამბლეამ" მოგვიანებით დაშალა ისინი.[2]

"პირველი ეროვნული ასამბლეა" შეიქმნა ეპიდავრში 1821 წლის დეკემბრის მიწურულს და შედგებოდა თითქმის ექსკლუზიურად პელოპონესელი დიდგვაროვნებით. ასამბლეამ შეადგინა პირველი ბერძნული კონსტიტუცია და დანიშნა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების თანამდებობის პირები, რომლებსაც უნდა ემართათ გათავისუფლებული ტერიტორიები. მავროკორდატოსმა შეინარჩუნა აღმასრულებელი ოფისის პრეზიდენტის თანამდებობა, ხოლო იპსილანტისი, რომელმაც მოითხოვა ასამბლეის მოწვევა, აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტად, რასაც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.[3] სამხედრო ლიდერები და "ფილიკი ეთერიას" წარმომადგენლები გარიყეს, მაგრამ დროდადრო კოლოკოტრონისის პოლიტიკური გავლენა გაიზარდა და მალე მან მეთაურებთან ერთად შეძლო კონტროლის დამყარება "პელოპონესის სენატზე", რომელიც "ეროვნულ ასამბლეას" არ დაუშლია. "სენატი" რეალურად მართავდა პელოპონესს, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება იმდენად სუსტი იყო, რომ ვერ ახერხებდა ძალაუფლების განხორციელებას. გამოუვალი მდგომარეობისა და პელოპონესელი მეთაურების ძალაუფლების ზრდის შემყურე მავროკორდატოსმა და იდრიოტებმა მოითხოვეს "სენატის" დაშლა და მისი გაერთიანება "ეროვნულ ასამბლეასთან". მავრომიჩალისი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ სამხედრო ლიდერებმა უარყვეს ის. ამ წინადადების უარყოფის შემდეგ, ცენტრალური ადმინისტრაცია შეეცადა კოლოკოტრონისის გარიყვას. 1822 წლის ნოემბერში ცენტრალურმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა კანონი ახალი "ეროვნული ასამბლეის" წარმომადგენლების არჩევის შესახებ, მაგრამ კოლოკოტრონისი არ დაემორჩილა კანონს და განაცხადა, რომ პელოპონესელები თავად გაუწევდნენ ასამბლეას ორგანიზებას "სენატის" ახალი წევრების არჩევისთვის.[4]

პირველი სამოქალაქო ომი

რედაქტირება
საბერძნეთის პირველი სამოქალაქო ომი
დამოუკიდებლობისთვის საბერძნეთის ომის ნაწილი
თარიღი შემოდგომა 1823 – ივნისი 1824
მდებარეობა პელოპონესი, პირველი ელინისტური რესპუბლიკა
შედეგი

სამხედრო ლიდერების ნაწილობრივი გამარჯვება:

ორ ფრაქციას შორის შეთანხმება
მხარეები
პირველი ელინისტური რესპუბლიკა სამხედრო ლიდერები,

"ფილიკი ეთერიას" მხარდამჭერები

მეთაურები
ალექსანდროს მავროკორდატოსი,

ანდრეას ლონდოსი

თეოდოროს კოლოკოტრონისი,

პეტროს მავრომიჩალისი

 

დროებითმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ "ეროვნული ასამბლეა" უნდა შეკრებილიყო ნაფპლიოში (1822 წლის დეკემბრის მიწურულს) და სთხოვა კოლოკოტრონისს, რომ მთავრობისთვის მიენიჭებინა ძალა. კოლოკოტრონისმა უარი განაცხადა და წამოაყენა იდეა, რომ ასამბლეა შეკრებილიყო ნაფპლიოში, სანამ ქალაქი მისი კონტროლის ქვეშ იქნებოდა. მისმა პოზიციამ მომხრეები ორ ნაწილად გაყო და იგი დაასუსტა პოლიტიკურად. "პელოპონესის სენატის" წევრების უმეტესობა დამორჩილდა მთავრობის გადაწყვეტილებას და ხელმძღვანელები (კაპიტნები) იძულებული გახდნენ დაეწყოთ მოლაპარაკებები ასამბლეაში მათი მონაწილეობის თაობაზე. საბოლოოდ, "მეორე ეროვნული ასამბლეა" შეიკრიბა ასტროსში 1823 წლის მარტში. ცენტრალური ხელისუფლება გაძლიერდა რეგიონული ორგანოების ხარჯზე, კენჭი უყარეს ახალ კონსტიტუციას და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ახალი წევრებიც აირჩიეს.[5]

სამხედრო ლიდერების დასარწმუნებლად, ცენტრალურმა ადმინისტრაციამ შესთავაზა კოლოკოტრონისს მიეღო მონაწილეობა აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაში, როგორც ვიცე-პრეზიდენტს. კოლოკოტრონისი დათანხმდა, მაგრამ მისმა ქმედებებმა გამოიწვია სერიოზული კრიზისი, როცა საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტად არჩეულ მავროკორდატოსს პოზიციის დაკავებაში ხელი შეუშალა. მავროკორდატოსის მიმართ მისმა დამოკიდებულებამ გამოიწვია საკანონმდებლო ორგანოს წევრების გააფთრება, რომელსაც აკონტროლებდნენ რუმელიოტები და იდრიოტები. კოლოკოტრონისი და აღმასრულებელი ორგანოს პრეზიდენტი, პეტროს მავრომიჩალისი, მკაცრად გააკრიტიკეს საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა.[6] კრიზისი გამწვავდა, როცა საკანონმდებლო ორგანომ დაამხო აღმასრულებელი ორგანო და გაანთავისუფლა მისი წევრები. კოლოკოტრონისი, პელოპონესელი დიდგვაროვნების უმეტესობა და კაპიტნები (ხელმძღვანელები) მხარს უჭერდნენ მავრომიჩალისს, რომელიც ინარჩუნებდა აღმასრულებელი ორგანოს პრეზიდენტის პოსტს ტრიპოლიცაში. მიუხედავად ამისა, მეორე აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც მხარს უჭერდნენ კუნძულელები, რუმელიოტები, ზოგიერთი აქაველი დიდგვაროვანი (მათ შორის მოწინავეები იყვნენ ანდრეას ზაიმისი და ანდრეას ლონდოსი) და სხვები, როგორებიც არიან პაპაფლესასები, ფორმირდა ქალაქ კრანიდიში, გეორგიოს კოუნტოურიოტისის პრეზიდენტობით.

რეალური ბრძოლა დაიწყო 1824 წლის მარტის დასაწყისში, როცა მთავრობამ პანოს კოლოკოტრონისს სთხოვა ნაფპლიოს დანებება. პანოს კოლოკოტრონისმა უარი განაცხადა და მთავრობამ გადაწყვიტა ალყა შემოერტყა ქალაქისთვის. 1824 წლის 22 მარტს, ახალი აღმასრულებელი ორგანოს ძალებმა ალყაში მოაქციეს ტრიპოლიცა და 2 კვირიანი ბრძოლის შემდეგ, დაიდო შეთანხმება, ერთი მხრივ, კოლოკოტრონისსა და, მეორე მხრივ, ლონდოსსა და ზაიმისს შორის. ძველი აღმასრულებელი ორგანო საბოლოოდ დაიშალა და კოლოკოტრონისმა დატოვა ქალაქი. 22 მაისს სამოქალაქო ომის პირველი ფაზა ოფიციალურად დასრულდა. თუმცა, ახალი აღმასრულებელი ორგანოს წევრების უმეტესობას ოპონენტებზე სრული გამარჯვების მოპოვება სურდა და, ამდენად, უკმაყოფილონი იყვნენ ლონდოსისა და ზაიმისის მიერ შეთანხმებული ზომიერი პირობებით. კოლოკოტრონისმა და მავრომიჩალისმა უკან დაიხიეს, მაგრამ მათ განიზრახეს თავიანთი ძალების გადაჯგუფება და ახალი შეტევის წამოწყება. გარდა ამისა, პანოს კოლოკოტრონისი დათანხმდა ჩაებარებინა ქალაქი ნაფპლიო მხოლოდ ლონდოსისა და ზაიმისისთვის, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია მთავრობის მხრიდან ორი აქაველი დიდგვაროვნის მიმართ უნდობლობის გაძლიერება, რომლებიც ჯერ კიდევ ცენტრალური ადმინისტრაციის მოკავშირეები იყვნენ.[7]

მეორე სამოქალაქო ომი

რედაქტირება
საბერძნეთის მეორე სამოქალაქო ომი
დამოუკიდებლობისთვის საბერძნეთის ომის ნაწილი
თარიღი ოქტომბერი 1824 – თებერვალი 1825
მდებარეობა პელოპონესი, პირველი ელინისტური რესპუბლიკა
შედეგი

მთავრობის გამარჯვება:

კოლოკოტრონისის დაპატიმრება
მხარეები
პირველი ელინისტური რესპუბლიკა,

იდრიოტები

მორეოტესები
მეთაურები
გეორგიოს კოუნტოურიოტისი,

იოანის კოლეტისი, ალექსანდროს მავროკორდატოსი, იანის მარკიანისი

თეოდოროს კოლოკოტრონისი,

ანდრეას ლონდოსი, კანელოს დელიგიანისი

 

ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისური სესხის პირველი ორი ნაკადი მოვიდა, მოვლენა, რომელმაც გააძლიერა მთავრობის პოზიცია, მაგრამ შიდა უთანხმოება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ზაიმისი და სხვა პელოპონესელები, რომლებიც მხარს უჭერდნენ კოუნტოურიოტისს, კონფლიქტში მოვიდნენ აღმასრულებელ ორგანოსთან, როცა ისინი დაითხოვეს სამთავრობო პოსტების უმეტესობიდან 1824 წლის 3 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. მოწინავე პირებმა ორივე მხრიდან წამოაყენეს მოლაპარაკებებისა და ახალი "ეროვნული ასამბლეის" მოწვევის იდეა, მაგრამ აღმასრულებელი ორგანოს წევრების უმრავლესობას (განსაკუთრებით, პაპაფლესასს და იოანის კოლეტისს) სურდათ, რომ დაესრულებინათ პელოპონესელების დამორჩილება.

სამხედრო კონფლიქტი განახლდა, როცა კოლოკოტრონისმა ტრიპოლიცას მაცხოვრებლები წააქეზა მთავრობის ადგილობრივი გადასახადების ამგროვებლების წინააღმდეგ. პაპაფლესასმა და იანის მაკრიანისმა ვერ შეძლეს აჯანყების ჩახშობა, რომელიც გავრცელდა მთელს პელოპონესში, მაგრამ არც კოლოკოტრონისი და არც ლონდოსი ან ზაიმისი არ ეცადნენ განეხორციელებინათ ტრიპოლიცას ოკუპაცია. კოლოკოტრონისი არააქტიური რჩებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამატებითი მიზეზის გამო: მან ვერ გადაიტანა თავისი ვაჟის, პანოსის სიკვდილი. ის მოკლეს მისმა ოპონენტებმა. სანამ პელოპონესელები გაურკვევლობაში იყვნენ სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით, მთავრობამ გადააჯგუფა მისი ჯარები, რომელიც ახლა შედგებოდა უმეტესად რუმელიოტებისა და სოულიოტებისგან. აქედან ზოგიერთი წინათ პელოპონესელების მხარეს მსახურობდა. მთავრობის გეგმა განხორციელდა კოლეტისის მიერ, რომელმაც რუმელიოტებისა და სოულიოტების ორ დანაყოფს მისცა ბრძანება შეჭრილიყვნენ პელოპონესში. 23 ნოემბერს გოურასის მეთაურობით ამ დანაყოფებიდან ერთ-ერთმა დაიპყრო კორინთი და დაარბია პროვინცია. მეორე დანაყოფმა გეორგიოს კარაისკაკის, კიცოს ძაველასის და სხვების მეთაურობით, შეუტია აქაველ ლონდოსსა და ზაიმისს, რომლებმაც უკან დაიხიეს და შემდეგ გაიქცნენ კალამოსში. 1825 წლის იანვარში, რუმელიოტების ძალებმა, რომელთაც თავად კოლეტისი მეთაურობდა, კიდევ ერთხელ დაარბიეს პელოპონესი და დააპატიმრეს კოლოკოტრონისი, დელიგიანისის ოჯახი და სხვები. შემდეგ თვეში მავროკორდატოსმა მიიღო აღმასრულებელი ორგანოს პრეზიდენტის პოზიცია. 1825 მაისში იბრაჰიმ პაშას ეგვიპტური ინტერვენციის ზეწოლის ქვეშ, დაპატიმრებულები გაათავისუფლეს და მიანიჭეს ამნისტია.[8]

  1. Koliopoulos & Veremis, Greece: the Modern Sequel, pp. 14–17.
    • Papageorgiou, "First Year of Freedom", pp. 67–70.
  2. Koliopoulos & Veremis, Greece: the Modern Sequel, pp. 19–20.
    • Theodoridis, "A Modern State", pp. 129–130.
  3. Dakin, The Greek Struggle for independence, pp. 87-9.
  4. Rotzokos, "Civil Wars", 143–148
  5. Rotzokos, "Civil Wars", 148–151
  6. Rotzokos, "Civil Wars", 152–154
  7. Dimitropoulos, Theodoros Kolokotronis, 79–81
    • Rotzokos, "Civil Wars", 154–161
  8. Dimitropoulos, Theodoros Kolokotronis, 79–81
    • Rotzokos, "Civil Wars", 164–170.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dakin, Douglas (1973). The Greek struggle for independence, 1821-1833. University of California Press. ISBN 0-520-02342-0. 
  • Dimitropoulos, Dimitris (2009). „Kolokotronis during the Infighting“, Theodoros Kolokotronis (in Greek). Athens: Ta Nea. ISBN 978-960-469-707-6. 
  • Koliopoulos, John S.; Veremis, Thanos M. (2004). „A Regime to Suit the Nation“, Greece: the Modern Sequel. C. Hurst & Co. Publishers. ISBN 1-85065-463-8. 
  • Rotzokos, Nikos (2003). „The Civil Wars“, რედ. Panagiotopoulos, Vassilis: History of Modern Hellenism, Vol. III (in Greek), Athens: Ellinika Grammata, გვ. 143–170. ISBN 960-406-540-8.