რცხილი, რცხილა, შავრცხილაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

რცხილი წარსულში ფართოდ ყოფილა გავრცელებული რაჭაში, ღვინოც გამორჩეული პქონია და მოსახლეობაშიც დიდი მოწონებით სარგებლობდა. ახლა კი მისი ნარგავები თითქმის აღარ მოიპოვება და მხოლოდ შერეული სახით გვხვდება სხვა ჯიშის ვაზებთან ამბროლაურში, იწაში, სადმელში, საკეციაში, ბუგეულში და აბანოეთში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, კვერცხისებური ან ოდნავ ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ნაბდისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, დატოტვილი, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, კვერცხისებური, მუქი ვარდისფერი. სქელი კანი ცვილისებრი ფიფქით უხვადაა დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

რცხილი საშუალო ზრდა-განვითარებისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 156 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 125-135 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5-9.8 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.2-8.5 გ/ლ-ს.

რცხილისგან მზადდება სუფრის წითელი, მშრალი ღვინო, რომელიც მწიფე შინდისფერია, გამოკვეთილი ჯიშური არომატით და სასიამოვნო გემოთი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 318-319