როდ ევანზი (ინგლ. Rod Evans) — ბრიტანელი მომღერალი და ჯგუფ Deep Purple-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.[1] დაიბადა 1947 წლის 19 იანვარს ქალაქ სლაუში (ბერკშირის საგრაფო). 1969 წელს, სამი წარმატებული ალბომის გამოშვების შემდეგ, ევანზი Deep Purple-დან გაუშვეს, მის ნაცვლად კი ჯგუფში ვოკალისტად იენ გილანი მიიღეს. როდ ევანზის წასვლის შემდეგ ჯგუფის მუსიკა უფრო მძიმე როკის სტილში განვითარდა. ევანზის მოღვაწეობისას კი მას უფრო პროგრესული და პოპ მიმართულება ჰქონდა.

როდ ევანზი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 იანვარი, 1947 (1947-01-19) (77 წლის)
დაბ. ადგილი სლაუ
წარმოშობა სლაუ, ბერკშირის საგრაფო, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, პროგრესული როკი, მძიმე როკი, პოპ-მუსიკა
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1959–1973
1980

Deep Purple-ამდე როდ ევანზი იენ პეისისთან ერთად ჯგუფ The Maze-ში მღეროდა. 1966 წლისთვის ჯგუფის პერსონალი შემდეგი იყო:

  • როდ ევანზი - ვოკალი
  • როჯერ ლუისი - გიტარა
  • კრის ბენჰამი - კლავიშები
  • ერიკ კინი - ბას-გიტარა
  • იენ პეისი - დასარტყმელი საკრავები

ევანზის ხმა ჟღერს Deep Purple-ის პირველ სამ ალბომზე და სინგლებზე „Hush“ და „Kentucky Woman“. 1969 წელს ჯგუფში იგი იენ გილანმა შეცვალა.

Deep Purple-იდან წასვლის შემდეგ როდ ევანზმა, ჯონი ვინტერის ყოფილ დრამერ ბობი ქოლდველთან, გიტარისტ რაინოსა (ლარი რეინჰარდტი) და ბასისტ ლი დორმანთან ერთად ჯგუფი Captain Beyond ჩამოაყალიბა. ეს ჯგუფი საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა მუსიკალური წარმატებები მათი ალბომების გაყიდვაზე არასოდეს ასახულა. კომერციული წარუმატებლობა ჯგუფის არსებობის შეწყვეტის მიზეზი გახდა.

Captain Beyond-ის დაშლის შემდეგ როდ ევანზმა მუსიკის სფერო დატოვა და 1980 წლამდე დასავლეთ ამერიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა.[2] 1980 წელს ევანზმა საზოგადოებისთვის უცნობ რამდენიმე მუსიკოსთან ერთად, Deep Purple-ის სახელით ტურნე წამოიწყო.[3] წარმოდგენებმა მსმენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.[4] ევანზს Deep Purple-ის ნამდვილმა მენეჯმენტმა უჩივლა, მიყენებული ზარალი $672 000-ად შეფასდა. სასამართლოს შედეგად როდ ევანზი აღარ იღებს Deep Purple-ის პორველი სამი ალბომის გაყიდვებიდან შემოსავალს.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ როდ ევანზმა საბოლოოდ მიატოვა მუსიკალური კარიერა და მას შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ მოხვედრილა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. BBC Music: 7 ages of Rock – Deep Purple
  2. Bogus Deep Purple in Sounds 80. Tinpan.fortunecity.com (1980-09-20). Retrieved on 2011-11-20.
  3. Bogus Deep Purple in The Highway Star.
  4. Captain Beyond : Band Member Info on ROD EVANS. Tinpan.fortunecity.com. Retrieved on 2011-11-20.