- გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპატრამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა დაადასტურა, რუსეთის სამხედრო წარმოადგენლები სოფელ პერევიდან გავიდნენ. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ უტიაშვილის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ საჩხერის რაიონის ამ სოფელს უკვე სრულად აკონტროლებს საქართველოს პოლიცია. იუწყებიან ასევე, რომ სოფელში სრული სიმშვიდეა. ცნობა, რომ რუსეთის მხარე ოკუპირებულ სოფელ პერევიდან სამხედროების გაყვანას აპირებდა, გასულ ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს გავრცელდა, როცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა გააკეთა ამ შინაარსის განცხადება. მაგრამ მაშინ არ დაზუსტებულა, როდის მოხდებოდა სოფლის დეოკუპაცია. (რადიო თავისუფლება)
- რუსეთის კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია. 9 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. სულ 4 ათასამდე ადამიანია დაზარალებული. რაიონში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. შაბათს გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ 20 დასახლებულ პუნქტში ათასზე მეტი სახლი დატბორა. (რადიო თავისუფლება)
- მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს გუშინ ბერად აღკვეცის ლოცვა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ სახლში წაუკითხა, რადგან ავადმყოფობის გამო მწერალს გადაადგილება უჭირს. ცერემონიის შემდეგ მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებს ამცნო, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა. (რადიო თავისუფლება)
|