პოგონოფორები (Pogonophora) (ბერძნ. pogon — წევრი და phoros — რაიმეს მქონე, რაიმეთი აღჭურვილი) — ზღვის უხერხემლო ცხოველების ტიპი. მოიცავს 100-ზე მეტ სახეობას. პოგონოფორების გრძელი, ძაფისებრი (სიგრძით 5-100, სიგანით 0,01-0,25 სმ), უფერო, ზოგჯერ მოწითალო, ბილატერალური სხეული მეტამერულია და შედგება წინა (პროტოსომა), შუა (მეზოსომა) და უკანა (მეტასომა) განყოფილებებისან, რომელთაც შეესაბამება სხეულის მეორეული ღრუს (ცელომის) 3 ნაწილი (კენტი პროტოცელი, წყვილადი მეზოცელი და მეტაცელი). პროტოსომა აღჭურვილია 1-230 გრძელი, წვრილი საცეცით ანუ ხელით, რომლებიც ჩვეულებრიც ქოჩორს ან ჯიღას ქმნის (აქედანაა პოგონოფორების სახელწოდებაც). პოგონოფორებს მომნელებელი ორგანოები არა აქვთ; საკვების მოპოვება, მონელება და შეწოვა ხდება საცეცებით, რომლებიც ამასთანავე სასუნთქი ორგანოებია (გარეგანი ლაყუჩები). პოგონოფორების სხეული ზის კანის მიერ წარმოქმნილ ქიტინის მილში. თითქმის ყველა პოგონოფორები ცხოვრობს ზღვაში, 20მ-იდან მაქსიმალურ სიღრმემდე; მათი განამარხებული მილები გვხვდება ქვედა პალეოზოურ ნალექებში.
- ქსე, ტ. 8, გვ. 117, თბ., 1984