პლანეტოშენადედი

(გადამისამართდა გვერდიდან პლანეტოშენადედები)

პლანეტოშენადედი — მყარი ობიექტი, რომელზეც ფიქრობენ, რომ პროტოპლანეტურ და ნარჩენების დისკოში არსებობს.

ნარჩენების დისკოები HD 141943 და HD 191089, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ახალგაზრდა ვარსკვალვების არქივში აღმოაჩინეს (24 აპრილი, 2014).[1]

პლანეტების ფორმირების ფართოდ მიღებული თეორიის, ე.წ. პლანეტოშენადედის ჰიპოთეზის, ჩამბერლინ-მაულტონის პლანეტოშენადედის ჰიპოთეზის, მიხედვით, პლანეტები წარმოიქმნება კოსმოსური მტვრის მარცვლებისაგან, რომლებიც ერთმანეთს ეჯახება, ეწებება და წარმოქმნის უფრო და უფრო დიდ სხეულებს. როდესაც ეს სხეულები 1 კილომეტრის ზომის ხდება, ისინი ერთმანეთს იზიდავს პირდაპირ მათი საერთო გრავიტაციით და ამის წყალობით ხელს უწყობენ მთვარის ზომის ობიექტის პროტოპლანეტების ჩამოყალიბებას. უმეტესად ასე განიმარტება პლანეტოშენადედები. პლანეტოშენადედებზე მცირე სხეულები დამოკიდებული უნდა იყოს ბრაუნის ან ტურბულენტურ მოძრაობაზე გაზში, რომ დაიწყოს შეჯახებები, რამაც, თავის მხრივ, შეწებების პროცესი უნდა წარმართოს. სხვანაირად, პლანეტოშენადედები შესაძლოა წარმოიქმნას მტვრის მარცვლების ძალიან მკვრივ ფენაში, რომელიც განიცდის ერთობლივ გრავიტაციულ არასტაბილურობას პროტოპლანეტარულ დისკოში. პლანეტოშენადედთა უმეტესობა მძლავრი შეჯახებებისას შუაზე იგლიჯება, როგორც შესაძლოა დაემართა 4 ვესტასა[2] და 90 ანტიოპს,[3] მაგრამ ყველაზე დიდ პლანეტოშენადედთა მცირე ნაწილი შეიძლება გადაურჩეს ასეთ შეჯახებებს და გააგრძელოს ზრდა პროტოპლანეტებად და მოგვიანებით პლანეტებად.

ზოგადად მიჩნეულია, რომ დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინ, „[მძიმე დაბომბვის“ პერიოდის შემდეგ, მზის სისტემაში არსებული პლანეტოშენადედების უმეტესობა ან მთლიანად გაიტყორცნა მზის სისტემიდან შორეულ ექსცენტრიულ ორბიტებზე, როგორიცაა ურტის ღრუბელი, ან უფრო დიდ ობიექტებს შეეჯახა რეგულარული გრავიტაციული ბიძგების დახმარებით, რომლებიც გამოწვეული იყო გიგანტური პლანეტებისგან (განსაკუთრებით იუპიტერისა და ნეპტუნისაგან). შესაძლებელია მცირე რაოდენობის პლანეტოშენადედი მთვარეებად იქნა ჩაჭერილი, როგორებიცაა ფობოსი და დეიმოსი (მარსის თანამგზავრები) და გიგანტური პლანეტების უმეტესი თანამგზავრები.

ის პლანეტოშენადედები, რომლებიც გადაურჩა ყველაფერს დღემდე, ძალიან ღირებულია მეცნიერებისათვის, რადგან ისინი შეიცავს მზის სისტემის ფორმირების შესახებ უზარმაზარ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მათი გარე ნაწილები მზისგანაა დასხივებული, რაც მის ქიმიურ შედგენილობას შეცვლის, მათი შიგა ნაწილები შეიცავს უძველეს მატერიას, რომელზედაც პლანეტოშენადედის წარმოქმნის შემდეგ არანაირი გავლენა არ მომხდარა. ამის გამო თითოეული პლანეტოშენადედი „დროის კაფსულაა“ და მათ შედგენილობას შეუძლია გვითხრას, რა მდგომარეობა იყო მზიურ ნისლეულში — საიდანაც ჩვენი პლანეტური სისტემა წარმოიქმნა.

  1. Harrington, J.D.; Villard, Ray. RELEASE 14-114 Astronomical Forensics Uncover Planetary Disks in NASA's Hubble Archive. NASA (24 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-25. ციტირების თარიღი: 2014-04-25.
  2. Savage, Don; Jones, Tammy; Villard, Ray. (1995)Asteroid or Mini-Planet? Hubble Maps the Ancient Surface of Vesta. Hubble Site News Release STScI-1995-20. ციტირების თარიღი: 2006-10-17.
  3. Marchis, Franck; Enriquez, J. E.; Emery, J. P.; Berthier, J.; Descamps, P. (2009). „The Origin of the Double Main Belt Asteroid (90) Antiope by Component-Resolved Spectroscopy“. DPS meeting #41. American Astronomical Society. http://adsabs.harvard.edu/abs/2009DPS....41.5610M. წაკითხვის თარიღი: 2009-11-08.