პიეტრო ჯერმი (იტალ. Pietro Germi; დ. 14 სექტემბერი, 1914 — გ. 5 დეკემბერი, 1974) — იტალიელი მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი. სწავლობდა რომის ექსპერიმენტულ კინოცენტრში. ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჯერმის პირველი ფილმებია „მოწმე“ (1946) და „გზააბნეული ახალგაზრდობა“ (1947). მისი ფილმებისთვის დამახასიათებელი იყო სოციალური თემატიკა, დოკუმენტური უტყუარობა. ფილმებში „სიცილიის ცის ქვეშ“ (1949) და „ოცნების გზა“ (1950, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი) თამამად არის ნაჩვენები სიცილიის ჩამორჩენილობა და სიღატაკე. ნეორეალიზმის ტრადიციები განვითარებულია სოციალურ კინორომანებში: „მემანქანე“ (1956, პრემია, სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი) და „უნებისყოფო მამაკაცი“ (1958). ამ ფილმებში მთავარ როლებს თვითონ ჯერმი ასრულებს. 1960-იან წლებში ჯერმიმ დადგა სოციალური და რეალისტურ-სატირული კომედიები: „განქორწინება იტალიურად“ (1961, პრემია კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოსკარი სცენარისათვის, 1962), „შეცდენილი და მიტოვებული“, (1964), „ქალბატონები და ბატონები“ (1966, მთავარი პრიზი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი), „ამორალური“ (1967). 1968 წელს დადგა კინოკომედია „სერაფინო“, რომელმაც მოსკოვის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა ოქროს პრიზი (1969).

პიეტრო ჯერმი
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი 1914
გენუა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი 1974
რომი, იტალია
ეროვნება იტალიელი
საქმიანობა მსახიობი
სცენარისტი
კინორეჟისორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება