პეტრე ჭაბუკიანი
პეტრე ჭაბუკიანი (დ. 5 აგვისტო, 1889, ქუთაისი — გ. 1982) — ქართველი მხარეთმცოდნე, პედაგოგი, ისტორიული და ბუნების ძეგლების დამცველი, კარსტულ მღვიმეთა მკვლევარი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის მღვიმეების აღმოჩენა, მათი შესწავლა და შემდგომი პოპულარიზაცია.
ბიოგრაფია
რედაქტირება1919 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, რის შემდეგაც მთელი ცხოვრება დასავლეთ საქართველოს ბუნებისა და კულტურის ძეგლების დაცვას მიუძღვნა. იყო ქუთაისის ისტორიული მუზეუმის უახლოესი თანამშრომელი და შემდეგ ბუნებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მეთვალყურე. ის იყო პირველი ვინც მიწისაგან გაასუფთავა ბაგრატის ტაძარი. 1933 წელს აღმოაჩინა მიწაში ჩამარხული სამრეკლოს კარები და ივარაუდა რომ ტაძრის ძირითადი ნაწილიც მიწაში უნდა ყოფილიყო ჩამარხული. გათხრებმა იმედები არ გააცრუა და გაწმენდისთანავე გამოჩნდა ბაგრატის ტაძრის უდიდესი ნაწილი. სწორედ ამის შემდეგ იქნა შესაძლებელი ტაძრის საფუძვლიანი შესწავლა და გეგმის აღდგენა. 1924 წელს, პეტრე ჭაბუკიანმა ქუთაისში, თეთრამიწას გორაზე, ნეოლითური პერიოდის ნამოსახლარს მიაკვლია, სადაც ხუთი ათასზე მეტი კაჟისა და ქვის იარაღი მოაგროვა და ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს გადასცა. მანვე იპოვნა სათაფლიის ფერდობზე ე.წ. "ნაციხვარზე" ნეოლითური ხანის მცირერიცხოვანი ნაშთები. ამ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ვინაიდან ამით დადასტურდა რომ ქუთაისსა და მის მიდამოებში არა მარტო ზედაპალეოლითის ადამიანი არამედ მომდევნო პერიოდის ნეოლითის პერიოდის ადამიანიც ცხოვრობდა. 1925 წლის 2 აგვისტოს პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს სათაფლიის ნაკრძალში აღმოაჩინა მღვიმეები, რომელიც მისივე ინიციატივით ბუნების კეთილმოწყობილ ძეგლად იქცა. პეტრე ჭაბუკიანის ძალისხმევით სათაფლიას მღვიმის მიდამოებში 400 ჰა კოლხური ტიპის ტყე ნაკრძალად გამოცხადდა. 1933 წელს პეტრე ჭაბუკიანმა სათაფლიას მღვიმის მახლობლად, ქვედა ცარცული პერიოდის მერგელოვანი კირქვის შრეებზე, დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა.
გარდაიცვალა 1982 წელს, დასაფლავებულია სათაფლიის ნაკრძალში.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ძეგლთა თავდადებული მეგობარი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 7 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 52-55