პერან იბერიელი
პერან იბერიელი — ქართლის მეფე გურგენის ძმა ან ძე, ბიზანტიელი სარდალი. ფაზა იბერიელის ბიძა და ბაკურის მამა.
პერან იბერიელის შესახებ ცნობებს გვაწვდის VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი. იგი 523 წელს ირანელების წინააღმდეგ აჯანყებულ გურგენ მეფესთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ეგრისში რამდენი ხანი დაჰყო, ცნობილი არ არის, მაგრამ VI საუკუნის 30-იანი წლებიდან უკვე ბიზანტიის იმპერიაში ჩანს. 535 წლიდან იგი უკვე გამოჩენილი მხედარმთავარია ბიზანტიის იმპერიის კარზე. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I (527-565 წწ.) პერან იბერიელს საკმაოდ საპასუხისმგებლო სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ანდობდა.
პერანი 535 წელს ველისარიუსთან ერთად იბრძვის ოსტგუთთა მეფის თეოდოტის წინააღმდეგ. 537 წელს პერან იბერიელი ისევ იტალიაშია და იბრძვის ოსტგუთების წინააღმდეგ. პროკოფის თქმით, პერანმა და მისმა ჯარმა რამდენიმეჯერ იერიში მიიტანეს გუთებზე და გააქციეს ისინი.
არაერთმა წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ მკვეთრად გაზარდა პერან იბერიელის, როგორც კარგი სტრატეგოსის ავტორიტეტი.
543 წელს პერან იბერიელი აღმოსავლეთის ფრონტზეა მარტიროპოლის მახლობლად. იგი ფისონის სიმაგრესთან წარმოებულ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას. რომაელთა ჯარს სარდლობდნენ იუსტინიანე მეფის ძმისწული და პერან იბერიელი.
544 წელს პერანი ისევ ბიზანტიელთა ჯარის სარდალია და ამჯერად სპარსელების წინააღმდეგ იბრძვის. ბიზანტიელთა ჯარი მიადგა ქალაქ ედესას, რომლისთვისაც ალყა შემოერტყათ სპარსელებს. სპარსელთა ჯარს შაჰი ხოსრო I (531-579 წწ.) სარდლობდა. პერანის ჯარმა სასტიკად დაამარცხა სასანიდი შაჰის არმია.
ბიზანტიის სახელგანთქმული სარდალი პერან იბერიელი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ნადირობის დროს ცხენიდან გადმოვარდა და მოკვდა. პროკოფი კესარიელის თქმით, ეს 544 წელს მოხდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. II, თბ., 1965 წ.
- გ. ტივაძე, ოსტგუთების სამეფო, ფეოდალიზმის გენეზისი დასავლეთ ევროპაში, I, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1959 წ.