პავლე ქსეროპოტამელი

პავლე ქსეროპოტამელი (გ. 321) — X საუკუნის ქრისტიანი წმინდანი. ხსენიების დღეა 10 აგვისტო (ძველი სტილით 28 ივლისი).

პავლე ქსეროპოტამელი
Παύλος Ξηροποταμινός
დაიბადა IX საუკუნე
ბიზანტიის იმპერია
გარდაიცვალა IX საუკუნე
აიონ-ოროსი
დასაფლავებულია აია-სოფიას ტაძარი და ვენეცია
ხსენების დღე 28 ივლისი

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

ღირსი პავლე ქსეროპოტამელი (ერობაში - პროკოპი) იყო ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ კუროპალატის ძე. ღრმად და საფუძვლიანად განსწავლული მეფისწული თანამედროვეთა შორის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო. ნეტარი განერიდა ყოველივე წარმავალს და მთაწმინდას, ქსეროპოტამად წოდებულ ადგილს მიაშურა. აქ დედოფალ პულქერიას მიერ წმიდა ორმეოცი მოწამის სახელზე აგებული მონასტერი უკვე ჩამოქცეულიყო. უკაცრიელ ნანგრევებში წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო, შიგ დამკვიდრდა, მალე ბერადაც აღიკვეცა და პავლეს სახელით შეუდგა მოსაგრეობას. ღირსი მამა თავმდაბლობის გამო არავისთან ავლენდა თავის განათლებას, მაგრამ მკაცრმა, ასკეტურმა ცხოვრებამ მას მალე გაუთქვა სახელი. ღირს მამას პავლე ქსეროპოტამელი შეარქვეს, იმ სავანეს კი, სადაც ის მოსაგრეობდა, დღესაც ქსეროპოტამს (დამშრალ ნაღვარევს) უწოდებენ.

როცა ბიზანტიის სამეფო ტახტზე წმიდა პავლეს ნათესავი, იმპერატორი რომანოზი ავიდა, მან მთაწმიდის კინოტის მეშვეობით მოახერხა და ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩასვლაზე დაითანხმა. სასახლის ბრწყინვალებასა და ფუფუნებაში წმიდანი ჯვრით ხელში, თავისი ძველი, დაფლეთილი სამოსლით გამოცხადდა და მძიმედ დასნეულებული იმპერატორი თავზე ხელის შეხებით განკურნა. მადლიერმა რომანოზმა მას სამეფო კარზე დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ღირსმა მამამ არ ისურვა დაბრუნებოდა მისი სულისთვის უცხო, ამაო ყოფას; მან მხოლოდ ერთი რამ ითხოვა: თვითმპყრობელს ქსეროპოტამის დანგრეული მონასტრის აღორძინებაზე ეზრუნა. წმიდანის სურვილი შესრულდა: სავანე აღდგა. როცა ტაძარი აკურთხეს, წმიდა ტრაპეზზე იმპერატორის მიერ პავლესთვის ნაბოძები უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი დააბრძანეს. მონასტერი თანდათან გაივსო ბერებით, მდუმარებისმოყვარე წინამძღვარმა კი საძმოზე ზრუნვა ერთ-ერთ მოწაფეს გადააბარა და თავად შორეულ უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. მალე სულიერმა შვილებმა, რომელთაც არ სურდათ მოძღვართან განშორება, ნეტარს აქაც დაურღვიეს მყუდროება. მაშინ მან იმპერატორ რომანოზისგან კვლავ გამოითხოვა საჭირო სახსრები, და ახალი, წმიდა გიორგის სახელობის სავანე ააგო და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილებიც აქ გადაასვენა.

ღირს პავლეს უფლისგან წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება. მოიხმო ქსეროპოტამისა და წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა. მიცვალების დღეს წმიდა მამამ მოსასხამი შეიმოსა, ჩვეული სიმდაბლით წარმოთქვა იოანიკე დიდის ლოცვა, რომელსაც დაუდუმებლად იმეორებდა: „სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა“, და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. ნეტარმა დაიბარა, მისი ცხედარი მთაწმინდის მოპირდაპირე პონღოსის ნახევარკუნძულზე დაეკრძალათ, მაგრამ, ღვთაებრივი განგებულებით, ხომალდი კონსტანტინოპოლის ნაპირს მიადგა. იმპერატორმა და პატრიარქმა კრძალვით ჩაიბარეს ძვირფასი ნეშტი და საზეიმოდ გადააბრძანეს წმიდა სოფიას ტაძარში. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დარბევის შემდეგ წმიდა პავლეს უხრწნელი ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება