ოჯალეში გურიისქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

აღმოსავლეთ გურიაში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელსაც ადგილობრივები „ოჯალეშს“ უწოდებენ, თუმცა შესწავლისა და დაკვირვების შემდეგ დადასტურდა, რომ მას არაფერი აკავშირებს ამავე სახელწოდების ნამდვილ მეგრულ ოჯალეშთან. გადმოცემის თანახმად, ეს ჯიში (როგორც შედარებით ადრეული) 1900-იან წლებში ჩოხატაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში პირველად გაუვრცელებია მემამულე ივანე ერისთავს. ამის შემდეგ იგი საკმაოდ სწრაფად გავრცელებულა მთელს გურიაში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე მცირე ზომისაა, ოდნავ ოვალური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე უმნიშვნელოდაა დაფარული მონაცრისფრო აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მრგვალი, საკმაოდ სქელკანიანი, თითქმის შავი. რბილობი უფრო წვნიანია და ნაკლებ ხორციანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი.

ოჯალეში გურიის საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი 245 დღემდე აღნევს. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8 გ/ლ-ს.

გურული ოჯალეშისგან ღია წითელი შეფერილობის სუფრის მშრალი ღვინო მზადდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 294-295