ოქროს კბილი
ოქროს კბილი — მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. მიხეილ ჯავახიშვილის სააზროვნო სივრცეში ხშირად იჭრებიან უფერულ-უღიმღამო ცხოვრებიდან ამოზრდილი ადამიანები, რომლებიც, მხოლოდ და მხოლოდ, პიროვნული სატკივარის გათავისების წყალობით ხდებიან სახიერნი. ასეთი, ერთი შეხედვით, ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდა მიხეილ ჯავახიშვილის ოქროს კბილის პერსონაჟიც თომა შადიშვილი. ეს საკუთარი ვნებათაღელვის ჩაცხრომის მსურველი ახალგაზრდა კაცი, ყველასგან და ყველაფრისგან გამიჯნული, თავისდა უნებურად, სიყვარულის ცხელ მორევში აღმოჩნდება ჩაძირული.[1]
„ოქროს კბილი“ | |
---|---|
ავტორი | მიხეილ ჯავახიშვილი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | მოთხრობა |
გამოცემის თარიღი | 1925 |
გვერდი | 50 |
მოთხრობის სიუჟეტი
რედაქტირება„ოქროს კბილის“ მთავარი პერსონაჟი თომა შადიშვილია, რომელიც დედამისთან ერთად ცხოვრობს ქირით თბილისში და მოლარედ მუშაობს. ბავშვობის ტრავმისა და სირცხვილის გამო ის ქალებს მუდამ გაურბის. ერთხელაც შემთხვევით თავის საბედოს შეხვდება, რომელიც თომასადმი ინტერესს გამოავლენს. მას თამროს დაარქმევს და ძებნას დაიწყებს. მისი მეგობარი კოტე შეპირდება, რომ მის ძებნაში დაეხმარება. ის თამროს დის ქმრის ძმაა, თუმცა, თამროსა და თომას აღწერილი ქალის ერთმანეთთან დაკავშირება მხოლოდ თამროს გარდაცვალების შემდეგ შეძლო. იმ ნახვის შემდეგ თამროც ეძებს თავის სიყვარულს, თუმცა, ლოგინადაა ჩავარდნილი ავადმყოფობის გამო (ავადმყოფობამ შეუწყო ხელი თამროს მხრიდან ინიციატივის გამოვლენას) და თავის დას სოფიოს სთხოვს მოძებნას, მაგრამ სოფიოსათვის თამროს გრძნობების გაგება არც ისე მარტივია. თამრო და თომა ერთმანეთს მხოლოდ სიზმარში ნახულობენ. როდესაც თამრო მოკვდება, თომას გამოეღვიძება და დაიყვირებს, რომ ის კვდება. თუმცა მას თავის საბედოს პოვნის იმედი მაინც აქვს. მეორე დღეს კოტე თომას პანაშვიდზე წაიყვანს სადაც აღწერილობით დაადგენს, რომ მისი მეგობრის საყვარელი ქალი წევს კუბოში (თომას მუდმივად ახსენებს თამროს ოქროს კბილს). კოტე მეგობარს არაფერს ეტყვის და ურჩევს მიჯნურის ძებნას თავი დაანებოს. თომა კი ადგება და კვლავ საძებრად წავა.
პერსონაჟები
რედაქტირება- „თომა შადიშვილი“ - მთავარი პერსონაჟი(ყოფილი ბერი).
- „კოტე“ -თომას მეგობარი.
- „მართა“ - თომას დედა.
- „თამრო“ - თომას საყვარელი ქალი, რომელსაც დაეძებს.
- „სოფიო“ - თამროს და.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაოქროს კბილი ვიკიწყაროებში |