ოქროანთ ხიდი — ხიდი ძველ თბილისში, რომელიც შუა საუკუნეების თბილისში თუ მის გარეუბანში არსებულ ხიდთაგან ერთადერთია, რომლის ფრაგმენტები ჯერ კიდევ შემორჩენილია.

ხიდი ამოყვანილი იყო ქვის წყობით კირის დუღაბზე და ბრტყელი ქართული აგურით. თაღოვანი ხიდი ერთმალიანია, მისი სავალი ნაწილი 5 მეტრს აღემატება. წარსულში ხიდი თბილისის გალავნის განჯის კარიდან კოჯრისკენ მიმავალ გზაზე იდგა. მას შემდეგ, რაც XIX საუკუნეში გააფაროთვეს და კეთლმოაწყვეს გზა სალალაკიდან კოჯრისაკენ, ძველი ხიდი ძირითადად სატრანსპორტო გზის მიღმა აღმოჩნდა. ხიდი ჩამალულია ლეღვთახევში და შორიდან არ ჩანს, თუმცა იგი ახლოა კოჯრის გზის იმ მოსახვევთან, საიდანაც ყოფილი კომკავშირის ხეივანი იწყება. ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ეს ხიდი აუღნიშნია 52 ნომრით და დახატული აქვს მისი პროფილიც. ნახატზე ასახულია არა მარტო ხიდის თახი, არამედ კლდოვანი ხევის ორთავე ნაპირზე გადადებული მკლავები მისასვლელ ხიდთან. ექსპლიკაციაში ვახუშტი მას „ოქროანთხიდს“ უწოდებს. ხიდი აშენებულია თბილისის მოქალაქეთა ერთ-ერთ წარჩინებული გვარის - ოქროაშვილების მიერ. ფეოდალურ თბილისში „ოქროანთუბანიც“ ყოფილა, სადაც ეს გვარი სახლობდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • თ. კვირკვალია, ძველ თბილისური დასახელებანი, თბ., 1985