ორონა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიში გურიიდან.

ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ორონა გურიის ადგილობრივი ვაზის ჯიშია და იშვიათი 100-წლიანი ვაზებია შემორჩენილი სოფელ შემოქმედში.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური ან მომრგვალო, სამნაკვთიანია, ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა სქელი ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და დიდი ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ძალიან კუმსი, სიმკვრივისგან ხშირად მოხრილი. ზოგჯერ მუხლიდან ფრთა უვითარდება, რომლის ზომაც ძირითადი მტევნის ნახევარს აღწევს. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, თითქმის შავი. სქელკანიანია. ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული რბილობი მკვრივია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ორონა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 210 დღეა. სრულ სიმწიფეში ნოემბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 150-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5-8.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8.9 გ/ლ-ს.

ორონა გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მუქი ვარდისფერია, ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო მჟავიანობით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 285

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება