ოლგა ვასილიევა
ოლგა ვასილიევა (რუს. О́льга Ю́рьевна Васи́льева; დ. 13 იანვარი, 1960, ბუგულმა, თათრეთის ასსრ, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, პედაგოგი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2005), რუსეთის ფედერაციის განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი (2016 წლის 19 აგვისტოდან 2018 წლის 7 მაისამდე), მოსკოვის სახელმწიფო ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის პატივსაცემი პროფესორი. რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრი 2018-2020 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1960 წლის 13 იანვარს ქალაქ ბუგულმაში. მამამისი იყო მათემატიკოსი, ჰყავდა და.
საშუალო სკოლა დაასრულა 14 წლის ასაკში, ხოლო 1979 წელს დაასრულა კულტურის მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის დირიჟორულ-ქორული განყოფილება. 1979–1982 წლებში მუშაობდა მასწავლებლად მოსკოვის სკოლებში. 1982 წელს დაიწყო სწავლა მოსკოვის სახელმწიფო დაუსწრებელ პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, ამავე დროს გააგრძელა მუშაობა მასწავლებლად.
1987 წელს დაასრულა სწავლა უნივერსიტეტში და გააგრძელა სწავლა სსრკ-ის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში (დღეს: რუსეთის ისტორიის ინსტიტუტი).
1990 წელს, სსრკ-ის ისტორიის ინსტიტუტში, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორი გ. კუმანევის სამეცნიერო ხელმძღვანელობის ქვეშ დაიცვა დისერტაცია ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხზე. თემა: „საბჭოთა სახელმწიფო და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიოტიული მოღვაწეობა დიდი სამამულო ომის წლებში (სპეციალობა — სსრკ-ის ისტორია). ოფიციალური ოპონენტები იყვნენ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ი. შარაპოვი და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ვ. ოვჩინიკოვი. წამყვანი ორგანიზაცია — მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. ეს სამუშაო რუსულ ისტორიოგრაფიაში პირველი, რომელიც მიეძღვნა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას და სახელმწიფო-ეკლესიის ურთიერთობას XX საუკუნეში.
1998 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხზე. თემა იყო „რუსული მართლმადიდებლური ეკლესია საბჭოთა პოლიტიკაში 1943–1948 წლებში (სპეციალობა — „სამამულო ისტორია“).
1991–2002 წლებში მუშაობდა რუსული ისტორიის ინსტიტუტის რელიგიისა და ეკლესიის ისტორიის ცენტრში როგორც უმცროსი სამეცნიერო თანამშრომელი, წამყვანი სამეცნიერო თანამშრომელი და რელიგიის და ეკლესიის ისტორიის ცენტრის ხელმძღვანელი.
2002 წელს სათავეში ჩაუდგა სათავეში რუსული სახალხო მეურნეობის აკადემიის და რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურის სახელმწიფო-კონფესიონალურ ურთიერთობებს.
2007 წელს დაასრულა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური აკადემია სპეციალობით „საერთაშორისო ურთიერთობები“.
2016 წლის აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამუშაო შეხვედრაზე პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა წამოწია განათლების სამინისტროში ხელმძღვანელობის შეცვლის საკითხი. „დიმიტრი ლივანოვის შემცვლელად მე შემოგთავაზებდით ქალბატონის დანიშვნას — ოლგა იურევნა ვასილიევას, რომელსაც კარგი ნამსახურეობის ნუსხა აქვს“ — განაცხადა მედვედევმა. პუტინი მას დაეთანხმა და რუსეთის კონსტიტუციის 83-ე მუხლის „დ“ პუნტქის მიხედვით ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ვასილიევა განათლების მინისტრად დანიშნა.