ოკა (თვითმავალი ნაღმსატყორცნი)

საბჭოთა თვითმავალი დანადგარი

2ბ1 „ოკა“ (რუს. 2Б1 «Ока») — საბჭოთა განსაკუთრებული სიმძლავრის 420-მილიმეტრიანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი დანადგარი.

2ბ1 „ოკა“
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 55
ეკიპაჟი, კაცი 1(7)
ისტორია
ძირითადი ოპერატორები საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 3080
სიმაღლე, მმ 5728
კლირენსი, მმ 460
შეიარაღება
სროლის მანძილი, კმ 0,8…45

შექმნის ისტორია

რედაქტირება

საარტილერიო სისტემა „ოკაზე“ მუშაობა მიმდინარეობდა პირველი საბჭოთა ბირთვულსაბრძოლომასალიანი საარტილერიო დანადგარის შექმნის პროგრამის ფარგლებში. მცირე სიმძლავრის ბირთვული მუხტის შემუშავება გაჭიანურდა. 1954 წლის 13 ოქტომბერს გამოცდისას ბირთვული აფეთქება ვერ მოხდა. ბირთვული მუხტის წარმატებული გამოცდა ტორპედო ტ-5-ის შემადგენლობაში მხოლოდ 1955 წელს შეძლეს. ეს იყო პირველი აფეთქება ახალი მიწის პოლიგონზე. ამან საშუალება მისცა გადასულიყვნენ სპეციალური საარტილერიო დანადგარების შემუშავებაზე.[1]

420-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნის შემუშავება მიმდინარეობდა ლენინგრადის კიროვის ქარხანაში მთავარი საარტილერიო სამმართველოს დაკვეთით სსრკ მინისტრთა საბჭოს 1955 წლის 18 აპრილის № 764-457 დადგენილების საფუძველზე, 406-მმ თვითმავალი ქვემეხის „კონდენსატორის“ პარალელურად. ნაღმსატყორცნი „ოკა“, რომელიც გათვლილი იყო ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალის გასროლაზე, შეიქმნა მძიმე ტანკის მუხლუხიანი შასის ბაზაზე. დანადგარი განკუთვნილი იყო მტრის კომუნიკაციების, აეროდრომებისა და სამრეწველო ობიექტების განადგურებაზე.[1]

კონსტრუქცია

რედაქტირება

ნაღმსატყორცნის მოქანავე ნაწილი განათავსეს მუხლუხიან შასიზე „ობიექტ 273“. მანქანის ბაზად გამოიყენეს მძიმე ტანკ „ობიექტ 272“-ის (ტ-10მ-ის ლენინგრადული ვარიანტი) შასი. ორივე მანქანის ტრანსმისია და ძრავის დანადგარები მთლიანად უნიფიცირებული იყო, მცირედი განსხვავებები იყო სავალი ნაწილის კონსტრუქციაში. დანადგარის მასის შემცირების მიზნით, საბრძოლო განყოფილება შეჯავშნილი არ იყო.[1]

თვითმავალი დანადგარისათვის 420-მმ ნაღმსატყორცნი 2ბ1 შეიქმნა გლუვლულიანი არტილერიის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში (СКБ ГА), მთავარი კონსტრუქტორი — ბორის შავირინი. საბრძოლო მასალის განსაკუთრებული მასური გაბარიტების (მასა 650 კგ) გამო, დატენისათვის გამოიყენებოდა ჯალამბარი და ელექტროჰიდრავლიკური ამძრავის მქონე ამწევი ისარი. საბრძოლო კომპლექტის გადატანა და დატვირთვა უნდა განეხორციელებინა სპეციალურ დამხმარე მანქანას. ეს მანქანა, რომელიც აგრეთვე კიროვის ქარხანაში შეიმუშავეს, იწონიდა დაახლ. 30 ტონას და მნიშვნელოვნად იყო უნიფიცირებული მუხლუხიან საარტილერიო ავტოსაწევართან ატ-ტ (АТ-Т, „ობიექტ 401“).[1]

გამოშვება

რედაქტირება

1957 წელს აიგო თვითმავალი ნაღმსატყორცნის 4 საცდელი ნიმუში. ქარხნული გამოცდები დასრულდა 1959 წელს. საცდელმა ნიმუშებმა 1960 წელს გაიარეს საპოლიგონე გამოცდები. გამოცდებმა აჩვენა სირთულე ექსპლუატაციაში და მანქანის კვანძების არასაკმარისი საიმედოობა. მნიშვნელოვანი ნაკლი იყო მისი ცუდი მანევრულობა — არასაკმარისი კუთრი სიმძლავრე და ლულის დიდი შვერი.[1]

ნაღმსატყორცნ „ოკას“ შექმნის შემდგომი სამუშაოები შეწყდა. ამას ხელი შეუწყო სახმელეთო ჯარებში ტაქტიკური რაკეტების კომპლექსების დანერგვამ, რომლებსაც გამშვები დანადგარების მცირე მასური გაბარიტებისა და მნიშვნელოვნად უკეთესი მანევრული მახასიათებლების პირობებში ჰქონდათ მიზნების განადგურების უფრო მაღალი შესაძლებლობები.[1]

დღეს 420-მმ თვითმავალ ნაღმსატყორცნ „ოკას“ ერთი ეგზემპლარი ნაღმთან ერთად დაცულია სანქტ-პეტერბურგის არტილერიის მუზეუმში.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Карпенко А. В. 420-мм самоходный миномёт особой мощности 2Б1 «Ока» // Тяжёлые самоходные артиллерийские установки. — «Бастион», 2002. — стр. 43.