ოთარ პატარიძე
ოთარ პატარიძე (დ. 1943, პარიზი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
დაიბადა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის, ელისე პატარიძის ოჯახში. იყო ფირმა „აგფა გევაერტის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე და ხარისხის განყოფილების დირექტორი. აქტიურად მონაწილეობს საფრანგეთში არსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, იყო მისი თავმჯდომარე 1987-1991 წლებში. 1971 წელს დააარსა ფოლკლორული გუნდი „მერანი“ (არსებობდა 1991 წლამდე) და ქართველ ემიგრანტ ახალგაზრდებს შეასწავლა ქართული სიმღერა და საეკლესიო გალობა. წლების განმავლობაში იყო პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მგალობელთა გუნდის წამყვანი. საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1991 წლის მაისში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელი. 2005 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა.
მონაწილეობს ქართული მრავალხმიანობის სიმპოზიუმებში, ქართულ-ფრანგულ კულტურულ ღონისძიებებში. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2005 წლის ნოემბერში საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენების საქმეში. მისი აქტიური მეცადინეობით საქართველოს საარქივო დაწესებულებებს გადაეცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ოჯახებში დაცული არა ერთი უნიკალური დოკუმენტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელისე (1896-1975) და ოთარ (დაიბ. 1943) პატარიძეები[მკვდარი ბმული]. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი