ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა ეკლესია
ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში. ტაძარი მდებარეობს ნოქალაქევის ქვედა ტერასიის ცენტრალურ მონაკვეთზე. ეკლესიის დასავლეთის ფასადი მარტივია. გადახურულია ორფერდა სახურავით. ეკლესია გაშლილი იყო დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე. ჩრდილო და სამხრეთ ნავები ცენტრალური ნავისაგან გამოიყოფოდა ოთხ-ოთხი სვეტით. ტაძარს ცენტრალური შესასვლელი ჰქონდა დასავლეთის მხრიდან, კიდევ ორი კარი დატანებული ჰქონდა სამხრეთ კედელში. IX საუკუნეში უნდა მომხდარიყო ტაძრის განახლება. XVI საუკუნეში კი ტაძარი განუახლებიათ დადიანებს და მისი ინტერიერი მოუხატავთ.
ნოქალაქევის ორმოცწამეთა ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | სენაკის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ნოქალაქევი |
აღწერა
რედაქტირებაფრესკების ნაწილი დღემდე შემორჩენილია. ის ძველი ბაზილიკის ჩრდილოეთით დგას და მისი კარიბჭე ნაწილობრივ ძველი ბაზილიკის ჩრდილო კედელზეა მიბჯენილი. ორმოცმოწამეთა ეკლესია მრავალჯერაა გადაკეთებული და ამჟამად გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ძეგლზე რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა. თავდაპირველად ტაძარი წარმოადგენდა სამნავიან ბაზილიკას, დასავლეთ ნაწილში შვერილი ხუთწახნაგა აფსიდით. ტაძრის მთავარ ნაწილს წარმოადგენს ცენტრალური მონაკვეთი, აღმოსავლეთით ოდნავ შესამჩნევი ნალისებური მოხაზულობის საკურთხევლის აფსიდით მთავრდება. საკურთხეველს სიმეტრიულად განლაგებული სამი სარკმელი აქვს. ისინი თავდაპირველად განივრები ყოფილა, შემდეგ კი დაუწვრილებიათ. გუმბათი ცენტრალური დარბაზის ცენტრშია აღმართული და იგი გრძელ მხარეზე კედლებს ეყრდნობა, ხოლო მოკლე მხარეებზე - განიერ საბჯენ თაღებს. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა აფრული წესით ხდება, მაგრამ აფრა არაა მკვეთრად გამოხატული. გუმბათის ყელი დაბალია, ხოლო ყელის საწყისი გამოყოფილი არაა. მის კედლებში ოთხი სარკმელია გაჭრილი. თვით გუმბათი უფორმოა და ზედაპირიც უსწორმასწორო აქვს. ტაძრის ცენტრალური დარბაზი ქვედა ჰორიზონტის გრძივ მხარეებზე თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი. სამხრეთის მხარეს სამი თაღია. პირველი, აღმოსავლეთით მდებარე, გვერდით სათავსში შესასვლელს წარმოადგენს. მომდევნო თაღი - ოდნავ განიერი და მაღალი - ცენტრალურ ნავს გვერდით ნავთან აკავშირებს. მესამე - შესამჩნევად განიერია, იგი აღნიშნული ორი ნავის ძირითადი დამაკავშირებელია. ცენტრალური დარბაზი დასავლეთის ნართექსს ერთი განიერი თაღით უერთება, რომელიც ცოტათი ვიწროა გვერდით დიდ თაღზე. ცენტრალურ ნავში შემავალი ყველა თაღი ნახევარწრიული მოხაზულობისაა. სამხრეთი ნაწილის აღმოსავლეთით ცალკე სათავსია. ხოლო დასავლეთით - ნავი. სათავსი რამდენჯერმეა გადაკეთებული, იგი სწორკუთხაა და გვერდით ნავზე საკმაოდ დაბალია. მას ამჟამად ორი კარი აქვს, ერთი თავდაპირველი, ჩრდილოეთის, ხოლო მეორე დასავლეთის. ეკლესიის სამხრეთის ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით. ჩრდილო ნავის აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად დაურღვევიათ და ვრცელი სამლოცველო შეუქმნიათ. ეკლესიას აქვს მეორე სართული, რომელიც ძლიერ გადაკეთებულია. მასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ იგი ინტერიერში ფუნქციურად ჩართული არ არის. მეორე სართული სხვადასხვა დროს არის ნაგები. მის კედლებზე და გადახურვაზე სხვადასხვა მასალაა ნახმარი. ძირითადად პატარა ზომის ნატეხი ქვა, მაგრამ გვხვდება თლილი ქვა და აგურიც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5142