ნინო მაისურაძე (ისტორიკოსი)
ნინო (ნანული) მიხეილის ასული მაისურაძე (დ. 19 თებერვალი, 1937, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ეთნომუსიკოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1983).
ბიოგრაფია
რედაქტირება1961 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1962-1964 წლებში გაიარა მუსიკისმცოდნეობის სპეციალური კურსი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1961 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში. კითხულობდა ლექციების სპეციალურ კურსს ეთნომუსიკოლოგიაში თსუ-სა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1991-1995 წლებში თბილისის უნინვერსიტეტ „გეორგიაში“, იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის კათედრის გამგე.
მაისურაძის სამეცნიერო მოღვაწეობას უკავშირდება ეთნოლოგიის დარგში მუსიკალური ეთნოლოგიის (ეთნომუსიკოლოგიის), როგორც სამეცნიერო დისციპლინის (საფუძველი ჩაეყარა აკადადემიკოს გ. ჩიტაიას თაოსნობით) ჩამოყალიბება. მაისურაძის ნაშრომები მიეძღვნა ქართულ ტრადიციული მუსიკის, როგორც ყოფის ორგანული ნაწილის, ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტით შესწავლას, კულტურულ-ყოფითი და ეთნიკური ფუნქციების გამოვლენას, ქართული და ჩრდილოკავკასიური მუსიკალური ენების ურთიერთმიმართებას და მათი ერთობის პრობლემას. ეთნომუსიკოლოგიაში შემოიტანა ტერმინი „მუსიკალური ფუძე-ენა“ („საერთო ქართველური მუსიკალური ფუძე-ენა“) და შეისწავლა მისი ჩამოყალიბების ქრონოლოგიური ჩარჩოები და მუსიკალურ დიალექტებად დიფერენციაციის პროცესი.
მაისურაძე არის მონოგრაფიების, მრავალი სტატიისა და მუსიკალური კომპოზიციების ავტორი.
შრომები
რედაქტირება- ქართული ხალხური მუსიკა და მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები, თბ., 1990;
- ქართული ხალხური მუსიკა და ქართველი ხალხის ეთნოგენეზი, კრ.: ქართველი ხალხის ეთნოგენეზი, თბ., 2002;
- ქართული ჰიმნოგრაფია და ეროვნული ცნობიერება, „ანალები“, 2008, [ტ.] 3;
- ქართული ტრადიციული მუსიკა და ეროვნული ცნობიერება, თბ., 2015;
- ეთნომუსიკოლოგია, მუსიკალური ეთნოლოგია, გამოც. მე-2, თბ., 2018.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოცირიძე გ., ქართული ხალხური მუსიკის ეთნოლოგიური კვლევის სათავეებთან (ნინო მაისურაძის სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით), „ანალები“ 2012, [ტ.], №8.