ნიკოლოზ პატრუშევი

ნიკოლოზ პატრუშევი (რუს. Никола́й Плато́нович Па́трушев; დ. 11 ივლისი, 1951, ლენინგრადი (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი), რსფსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების უმაღლესი თანამდებობების პირი. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი 2008 წლის 12 მაისიდან 2024 წლის 12 მაისამდე. ჯარის გენერალი (2001), რუსეთის ფედერაციის გმირი (2000).[1] „სამშობლოს წინაშე დამსახურებების“ ორდენის სრული კავალერი.

ნიკოლოზ პატრუშევი

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი 1999-2008 წლებში. ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა ვლადიმერ პუტინი, უკანასკნელის რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ. იკავებდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტს ვლადიმერ პუტინის პირველი ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. დატოვა თანამდებობა დიმიტრი მედვედევის ინაუგურაციის შემდეგ. პატრუშევის შემდეგ, უწყება ალექსანდრე ბორტნიკოვმა ჩაიბარა.

სრუიად რუსეთის ფრენბურთის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სრულიად რუსეთის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2004-2009 წლებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მეზღვაურის ოჯახში, ეროვნებით არის რუსი.[2][3]

მამამისი, პლატონ პატრუშევი (1918-1995) წარმოშობით გლეხთა ოჯახიდან იყო. სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა 1938 წლიდან, 1939 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიოში, იყო ბალტიის ფლოტის ნაღმოსანის „Грозящий“-ის ეკიპაჟის წევრი, ეკიპაჟის პარტიული ორგანიზატორი და ნაღმოსან „Деятельный“-ის მეთაურის მოადგილე პოლიტიკურ ნაწილში. დაჯილდოებულია მედლებით „ლენინგრადის დაცვისთვის“, „1941-1945 წლების სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის“, „წითელი ვარვსკვლავის“ და სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით. სამხედრო სამსახური დატოვა პირვეი რანგის კაპიტნის წოდებით. დედა, ანტონინა, განათლებით ქიმიკოსი იყო; მუშაობდა მედდად საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომის და ლენინგრადის ბლოკადის დროს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციაში. ნიკოლოზ პატრუშევის ბაბუა, იგნატი პატრუშევი წარმოშობით იყო არხანგელსკის ოლქის ვილეგოდსკის რაიონის სოფელ პოდომოდან, სადაც დასაფლავებულიც არის.[4][5][6][7][8]

სწავლობდა ლენინგრადის № 211 საშუალო სკოლაში, პარტია „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვთან ერთად.[9][10] 1974 წელს დაამთავრა ლენინგრადის გემთსამშენებლო ინსტიტუტი, რის შემდეგაც მუშაობდა ინსტიტუტის საკონსტრუქტორი ბიუროში.[11] 1974-1975 წლებში იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსების მსმენელი მინსკში.

1975 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამართველოს კონტრსადაზვერვო ქვედანაყოფის წევრი ლენინგრადის ოლქში. დაამთავრა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ერთწლიანი კურსები საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლეს სკოლაში.[12][13]

1992 წლის ივნისიდან 1994 წლამდე იყო კარელიის რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი, რუსეთის ფედერაციის კონტრდაზვერვის სამსახურის ფედერალური სამართველოს უფროსი კარელიაში. 1994-1998 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საკუთარი უსაფრთხოების სამართველოს უფროსი და ამავე უწყების საორგანიზაციო-საკადრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.[14][15]

1998 წლის 31 მაისს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი საკონტროლო სამართველოს უფროსად. იმავე წლის 11 აგვისტოდან საკონტროლო სამართველოს უფროსობასთან ერთად იყო რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. საკონტროლო სამართველოს უფროსის პოსტს პატრუშევამდე იკავებდა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ეს თანამდებობა დატოვა და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა. პატრუშევის ბოლო მსხვილი აქცია სამართველოს უფროსობისას იყო „Росвооружение“-ს შემოწმება, ჩატარებული პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანებით. რევიზიის დროს, აღმოჩნდა, რომ კომპანიის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე კოტელკინის მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ ფინანსურ დარღვევებს და მაქინაციებს.

1998 წლის 6 ოქტომბრიდან 1999 წლამდე იყო რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე და ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი (წინა თანამდებობაზე, უფრო ახლოს იყო კრემლთან და მეტი უფლებამოსილებაც ჰქონდა).

1999 წლის 16 აპრილს გახდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, იმავე წლის 9 აგვისტოდან, წინა დირექტორის, ვლადიმერ პუტინის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, 16 აგვისტომდე, ასრულებდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოვალეობებს.[16][17] 16 აგვისტოდან თავად გახდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი. 1999 წლის 30 სექტემბერს აირჩიეს დსთ-ს ქვეყნების უშიშროების ორგანოების და სპეციალური დანიშნულების სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს თავმჯდომარედ, იკავებდა ამ პოსტს 2008 წლის მაისამდე.[18] 2006 წლის თებერვლიდან 2008 წლის მაისამდე იყო რუსეთის ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მეთაური.[19]

რადიოსადგური „Эхо Москвы“-ის გენერალური დირექტორის და ერთ-ერთი აქცონერის, ალექსეი ვენედიქტოვის აზრითა და შეფასებით, ნიკოლოზ პატრუშევი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში მასთან მყოფი ყველაზე ახლო პირი და ის, „ვის აზრსაც პუტინი ყველაზე მეტად ითვალისწინებს“.[20]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. С неба упала шальная звезда
  2. http://www.warheroes.ru/hero/hero.asp?Hero_id=8866
  3. http://www.warheroes.ru/hero/hero.asp?Hero_id=8866
  4. Память народа :: Документ о награде :: Патрушев Платон Игнатьевич, Медаль «За оборону Ленинграда». pamyat-naroda.ru. ციტირების თარიღი: 2016-01-06.
  5. Память народа :: Документ о награде :: Патрушев Платон Игнатьевич, Медаль «За победу над Германией в Великой Отечественной войне 1941–1945 гг.». pamyat-naroda.ru. ციტირების თარიღი: 2016-01-06.
  6. Память народа :: Документ о награде :: Патрушев Платон Игнатьевич, Орден Красной Звезды. pamyat-naroda.ru. ციტირების თარიღი: 2016-01-06.
  7. Память народа :: Документ о награде :: Патрушев Платон Игнатьевич, Орден Отечественной войны I степени. pamyat-naroda.ru. ციტირების თარიღი: 2016-01-06.
  8. Память народа :: Документ о награде :: Патрушев Платон Игнатьевич, Орден Отечественной войны II степени. pamyat-naroda.ru. ციტირების თარიღი: 2016-01-06.
  9. Владимир Прибыловский. Патрушев Николай Платонович დაარქივებული 2018-12-04 საიტზე Wayback Machine. . — Антикомпромат
  10. Патрушев Николай Платонович. — Официальный сайт ФСБ РФ (www.fsb.ru)
  11. Патрушев Николай Платонович დაარქივებული 2016-10-01 საიტზე Wayback Machine. . — Ladno.Ru
  12. Биография Олега Калугина: история обиженного генерала. — Тема дня, 27.05.2002
  13. Илья Булавинов. Колода Российской Федерации. — Коммерсантъ-Власть, 01.12.2003. — № 047
  14. Сергей Вадимович Степашин. — People’s History (www.peoples.ru)
  15. Патрушев Николай Платонович — биография. — 24News.ru
  16. Андрей Грозин. «Дубль» Ниязова не предвидится. — РИА Новости, 27.12.2006
  17. Александр Соколов. На Лубянке больших перемен пока не предвидится. — Независимая газета, 10.09.1999
  18. Илья Булавинов. Профессионал в курсе дела. — Кто есть Кто
  19. У Национального антитеррористического комитета появилась своя эмблема | РИА Новости
  20. Венедиктов - Путин, Путин, Леся, Путин / вДудь