ნიკოლოზ იოსელიანი
ნიკოლოზ (ჯვებე) პავლეს ძე იოსელიანი (დ. 1 აგვისტო, 1894, კვათანა — გ. 9 მარტი, 1928, თბილისი) — ქართველი ზოოტექნიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაწყებითი განათლება მიიღო მშობლიური სოფლის სკოლაში. მალე ოჯახი გადავიდა თბილისში და ყმაწვილმა სწავლა განაგრძო ქართულ გიმნაზიაში. 1915 წელს შევიდა ხარკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც ვერ დაამთავრა ჯარში გაწვევის გამო. დემობილიზაციის შემდეგ სწავლასმოწყურებული ახალგაზრდა გერმანიაში გაემგზავრა და ჩაირიცხა ბონის აგრონომიულ აკადემიაში რომელიც დაასრულა 1921 წელს პირველი ხარისხის სწავლული აგრონომის წოდებით. შემდეგ სადოქტორო დისერტაციის მოსამზადებლად გადავიდა ქ. ჰალეში. აქ, ცნობილ პროფესორ ფროლიხთან წლინახევრის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ წარმატებით დაიცვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
ჯვებე იოსელიანი ერთ ხანს დარჩა გერმანიაში და მუშაობა განაგრძო ზოოლოგიის ცნობილ სპეციალისტთან პროფესორ გეკერთან. 1923 წელს სამშობლოში დაბრუნებული ღრმადგანათლებული ინტელიგენტი მიიწვიეს აგრონომიული ფაკულტეტის დოცენტად, მიანდვეს ზოოტექნიკის კათედრა, ხოლო შემდეგ სათავეში ჩაუდგა მის მიერვე დაარსებულ შინაურ ცხოველთა მომშენებლობასა და გენეტიკის კათედრას. იგი ფართო მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა მუხრანის სასწავლო მეურნეობაში, კათედრის სასწავლო-ექსპერიმენტულ ჯოგებში საფუძვლიანად შეისწავლა ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდი, ადგილობრივ ჯიშებთან შემოყვანილი ჯიშების შეჯვარება-შეგუებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
1927 წელს ჯვებე იოსელიანი გადაიყვანეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ, სადაც სამეცნიერო საქმიანობას განაგრძობდა იქვე, მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 190, თბილისი, 1994