ნიკოლოზ ვაჩნაძე
ნიკოლოზ მიხეილის ძე ვაჩნაძე (დ. 1887, თბილისი, — გ. 1940, ლუკენვალდი, გერმანია) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.
მსახურობდა რუსეთის არმიის მე-13 ლაიბ-გრენადერთა ერევნის პოლკში (1909 წლის სიით — პორუჩიკი). ამავე პოლკის შემადგენლობაში იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე I მსოფლიო ომში (1914-1918). 1916 წელს მიიღო კაპიტნის წოდება. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, მიიღო პოლკოვნიკის ჩინი, მეთაურობდა ასპინძის მე-9 ათასეულს. საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ემიგრაციაში იყო. დაამთავრა ვარშავის სამხედრო აკადემია (1923). მსახურობდა პოლონეთის არმიაში პოდპოლკოვნიკის წოდებით, დანიშნული იყო მოდლინის ციხესიმაგრის გარნიზონის უფროსად. II მსოფლიო ომის დასაწყისში, 1939 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. გარდაიცვალა ტყვეობაში, ლუკენვალდის საავადმყოფოში. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1915, 1916), წმ. ანას II (1915, 1916) და IV (1915) და წმ. ვლადიმირის IV (1916) ხარისხის ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ურუშაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 211.