ნაქულბაქევი
ნაქულბაქევი — ნასოფლარი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე, დიღომთან ახლოს. დღეს შემორჩენილია ამ სახელწოდების მონასტერი.
ნასოფლარის აღწერა
რედაქტირებაპლატონ იოსელიანს შემდეგნაირად აქვს აღწერილი აღნიშნული უბანი: იქ სადაც მთავრდება დიღმის ხეობა, იწყება ნასოფლარი ნაქულბაქევი. ნასოფლარი ძველია და მას თავისი გამაგრებაც ჰქონდა. მასში იყო სავაჭრო დუქნები, რომლისაგანაც მიიღო მან თავისი სახელი: ძველი სავჭრო ადგილი, (Emporium).
„ქულბაქი სხვათა ენაა, ბაზარს ჰქვიან“
| |
(სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. 2., თბ. 1993. გვ. 240)
|
ისტორიული წყაროები
რედაქტირება(ქც 4: 339,10,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 339,10,23), XIV, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 195; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176, 191, 264, 987; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 163; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 156), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 532), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30).
ვახუშტი ბაგრატიონი ნაქულბაქევის შესახებ გადმოგვცემს: „სამხრით არს ველი დიდი დიღმისა ... ნაქულბაქევს ზეით არს დევისნამუხლი – კლდე გაჭრილი გზად“ (ქც 4: 339,8-10).
ლოკალიზდება მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სადგურ ზაჰესის გაღმა, დიღმის მინდვრის დასასრულს, შემაღლებულ ზეგანზე.
წყაროებში პირველად იხსენიება XIV ს-ში. XIV-XVI სს-ში სოფ. ნაქულბაქევი იყო მცხეთის საეკლესიო მამული (ქრონიკები 1897: 195; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176). ნაქულბაქევს შეწერილი ჰქონდა გზის გადასახადი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 532). XVIII ს-ში ნაქულბაქევი თბილისის კუთვნილ სოფლად ითვლებოდა (ბაგრატიონი 1986: 30). 1789 წ. ნაქულბაქევის მოურავად სახლთუხუცესი ამილბარ მაღალაძეა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 987). 1784 წ. ერეკლე II (1744-1798) ნაქულბაქევთან შეეგება რუსეთის გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 156). სახელწოდება „ნაქულბაქევი“ სავაჭრო პუნქტის არსებობაზე მიუთითებს (აფაქიძე 1963: 40). ნაქულბაქევი მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობდა: თბილისიდან გორისაკენ მიმავალი გზა გაივლიდა დიღმის კარს, დიღმის ველს, ნაქულბაქევს, დევისნამუხლარს, მუხათგვერდს ... (ბერძენიშვილი 1966: 18).
1937 წ. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. კალანდაძე) არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ნაქულბაქევის მიდამოებში. 1941 წ. ისტორიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის არმაზის რაზმმა (ხელმძღ. ა. აფაქიძე) დაზვერა ნაქულბაქევის მიდამოები (აფაქიძე ... 1958: 9, 12).
ამ მიდამოებში, ზემო ავჭალის ახალი ხიდის მახლობლად, სამხედრო გზის გაფართოებისას, 1867 წ. აღმოჩნდა ქვიშაქვის ფილა ახ. წ. 75 წლისა, 17-სტრიქონიანი ბერძნული წარწერით (აფაქიძე 1963: 134). წარწერის აღმოჩენის ადგილის განსაზღვრაზე სხვადასხვა მოსაზრებებია (ბართოლომეი 1869: 5; ბაქრაძე 1875: 107; მელიქსეთ-ბეგი 1937ა: 28; აფაქიძე 1963: 131-134). წარწერით ირკვევა, რომ „იმპერატორმა კეისარმა ვესპასიანე ავგუსტოსმა ... ტიტე კეისარმა ... იბერთა მეფეს, მითრიდატეს, მეფე ფარსმანის და იამასპოის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს, და ხალხს, ეს კედლები განუმტკიცეს“[1] (აფაქიძე 1963: 126, 127). წარწერის თარგმანსა და ინტერპრეტაციაზეც სხვადასხვა მოსაზრებებია (ბართოლომეი 1869: 5; ამირანაშვილი 1928: 193; ჯავახიშვილი 1928: 158; მელიქსეთ-ბეგი 1937ა: 28; ყაუხჩიშვილი 1951: 238; წერეთელი 1958: 19). წარწერა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
აღნიშნულ ქვასთან დაკავშირებით 1869 წელს დაიბეჭდა სტატია "Journal asiatique"-ში სადაც სიტყვა „იამაზდი“ ამოკითხული იყო როგორც „არმაზი“[2].
1938 წ. ნაქულბაქევის მიდამოებში, ზაჰესის ახალი ხიდის თავში აღმოჩნდა 13 მოზრდილი ქვა, რომლებზეც თითო-ოროლა ბერძნული ასო იყო ამოკვეთილი. ეს ქვები, შესაძლოა, „ვესპასიანეს ზღუდის“ – გამაგრებული კედლის ნაწილი იყოს. ცალკეული ასოებით აზრის გამოტანა ვერ მოხერხდა, თუმცა მოხაზულობის მიხედვით, ისინი ვესპასიანეს შემდგომი ეპოქისა უნდა იყოს (ყაუხჩიშვილი 1951: 239, 240). ქვები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
ლიტერატურა
რედაქტირება- «Путевые записки от Тифлиса до Мцхеты» 1871. გვ. 85
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑
- ↑ Journal asiatique, 1869, Deux textes épigraphiques découverts récemment dans la Transcaucasie.