ნაბაკევის ამაღლების ეკლესია

ნაბაკევის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია ყორექვით.

გეგმით ტრაპეციას უახლოვდება, აღმოსავლეთით დასრულებულია კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. ჩრდილოეთით ორი, ხოლო სამხრეთით, ერთი სწორკუთხა ნიშია. კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.

ეკლესიის ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი მარტივპროფილიან კრონშტეინებს ეყრდნობა. დარბაზი განათებულია სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით.

არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიაში მიწის დონე  აწეულია. ჩრდილოეთ ფასადს პერანგი შემოცლილი აქვს. სამხრეთი ფასადი დაზიანებულია. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004