მწუხრი
მწუხრი — მართლმადიდებლური ღვთისმსახურება, ერთგვარი ლოცვების ერთობლიობა, რომელიც აღესრულება დღის ბოლოს, საღამოთი. არსებობს ორი სახის მწუხრი: დიდი და მცირე.
დიდი მწუხრი სრულდება დღესასწაულებისა და კვირა დღეების წინა დღით.
მცირე მწუხრი აღესრულება მხოლოდ ღამისთევის (საღამოს ლოცვის) წინ. მცირე მწუხრი ასევე აღესრულება ყოველდღე სადაგ (ანუ არასადღესასწაულო) დღეებში და ამიტომ იგი ასევე იწოდება ყოველდღიურ მწუხრად.
მწუხრი აღესრულება საღამოს, მოსეს სიტყვების თანახმად, რომელიც ღვთის მიერ სამყაროს შექმნის აღწერისას, „დღე“-ს იწყებს საღამოდან, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაშიც, დღე იწყება საღამოდან - მწუხრის მსახურებიდან, რადგანაც მსოფლიოს პირველ დღეს და ადამიანის არსებობის დასაწყისს წინ უსწრებდა სიბნელე, საღამო, მწუხრი. იგი ამიტომაც არის დადგენილი პირველ ადგილას ყოველდღიურ ღვთისმსახურებათა შორის. ამ მსახურებით მართლმადიდებელი მრევლი მადლობას უძღვნის ღმერთს განვლილი დღისათვის.