მშველიეთის წმინდა გიორგის ეკლესია
მშველიეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მშველიეთში. განვითარებული შუა საუკუნეებში.
ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო განაპირას 100 მეტრში, მთის სამხრეთ ფერდზე. იგი წარმოადგენს გეგმაში წაგრძელებულ სწორკუთხედის ფორმის დარბაზულ ეკლესიას. დასავლეთი კედლის თავზე მოგვიანებით დადგმული სამრეკლოა. გვიანი პერიოდისაა ეკლესიის დასავლეთით და სამხრეთით არსებული მინაშენები, რომელთა გადახურვის კვალი აღარ ჩანს. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედელს შემოუყვება ხარისხი. საკურთხეველი დარბაზს უკავშირდება ერთსაფეხურიანი მხრებით. დარბაზის კამარა საბრჯენი თაღით მაგრდება. ეკლესია განათებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი ორი სარკმლით. საკურთხეველში ორი ტრაპეზის ქვაა, ერთი ცენტრში, მეორე ჩრდილოეთ ნიშასთან. საკურთხევლის წინ სოლეაა.
სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფიქალი, კლდოვანი ქვა და კირის დუღაბი. იატაკი ქვისაა. გადახურულია კრამიტით. სამრეკლო ამოყვანილია ქართული აგურით. ბათქაში ეკლესიის კედლებზე და სამრეკლოზე აცვენილია.
ეკლესიაში არის ხის კანკელი და ორი ჭედური ხატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 143-144