მშველიეთის ღვთისმშობლის ეკლესია
მშველიეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მშველიეთში. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებში.
ეკლესია მდებარეობს სოფელ მშველიეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 200 მეტრზე, გარშემო სასაფლაოა. რელიეფი სამხრეთისაკენაა დაქანებული. გეგმით ეკლესია წაგრძელებული სწორკუთხა მოხაზულობისაა. საკურთხეველი დარბაზიდან ერთსაფეხურიანი მხრებითაა გამიჯნული. დარბაზს შემოუყვება ერთსაფეხურიანი ხარისხი; იატაკი აყრილია. საკურთხეველში ქვის იატაკის ორი საფეხურითაა ამაღლებული. აქვეა სწორკუთხა ამბიონი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. გასანათებლად არის ორი სარკმელი - დასავლეთ კედელში და აღმოსავლეთით საკურთხეველში. ეკლესია ნაშენია კირქვითა და კირის დუღაბით. ბათქაში ინტერიერში და ექსტერიერში აცვენილია. შესასვლელის ორივე მხარეს არის თითო, წყობაში დატანებული ფილების მცირე თაროები. ეკლესია გადახურულია ფიქალის ფილებით. იქვე, სამხრეთით მოწყობილია ეკლესიასთან მისასვლელი სუბსტრუქცია. საკურთხევლის სამხრეთ კუთხეში კედელი გაბზარულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 141-142