მუშათა ფაკულტეტები

მუშათა ფაკულტეტები (შემოკლ. მუშფაკი; რუს. рабочие факультеты, рабфаки) — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები (ან მათი განყოფილებები) საბჭოთა კავშირში, უმაღლეს სასწავლებელთა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც მიღებული არ ჰქონდათ საშუალო განათლება. სახალხო კომისართა საბჭოს 1918 წლის 2 აგვისტოს დეკრეტით მუშებსა და გლეხებს უფლება მიეცათ მოხვედრილიყვნენ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში საშუალო განათლების დოკუმენტის გარეშე. თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო მომზადების დონე ბევრი სტუდენტისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა სწავლების გასაგრძელებლად. 1919 წელს მიიღეს დადგენილება მოსკოვში უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებთან და ცალკეული დაწესებულებების სახით საღამოს კურსების გახსნის შესახებ მუშებისა და გლეხების მოსამზადებლად. რსფსრ განათლების სახალხო კომისარიატის 1919 წლის 11 სექტემბრის დადგენილების „მუშათა ფაკულტეტების ორგანიზაციის შესახებ“ მიხედვით მუშფაკი იყო დამოუკიდებელი სასწავლო-დამხმარე დაწესებულება. პირველი მუშათა ფაკულტეტები შეიქმნა 1919 წელს კომერციულ ინსტიტუტთან (ახლანდ. გ. ვ. პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი) და მოსკოვის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. მუშათა ფაკულტეტების სისტემა კანონმდებლობით გაფორმდა რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1929 წლის 17 სექტემბრის დეკრეტით „მუშათა ფაკულტეტების შესახებ“. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში დაწესებულებამ თავისი დანიშნულება დაკარგა და გაუქმდა.[1]

  1. Рабочие факультеты // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 108.