მტრედისფეხა, ტოროკუჩხი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიში გურიიდან.

მტრედისფეხა სამეგრელოში ტოროკუჩხის სახელითაა ცნობილი. „ტორონჯი“ მეგრულად მტრედს ნიშნავს, „ვუჩხი“ — ფეხს. ადგილობრივი მცხოვრებლები მისგან საკმაოდ მაღალი ღირსების ღვინოს ამზადებდნენ. მტრედისფეხასგან გურია-აჭარის მიდამოებშიც საკმაოდ მაღალი ღირსების ღვინოს ამზადებდნენ და სასუფრე ყურძნადაც იყენებდნენ. ამ მიზნით ყურძენს ხშირად ვაზზე ტოვებდნენ და საჭიროების მიხედვით დეკემბერ-იანვარში კრეფდნენ.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მტრედისფეხას მტევანში გვხვდება განუვითარებელი (პართენოკარპიული) მარცვლებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი წითელი. სქელი და საკმაოდ მკვრივკანიანი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

მტრედისფეხა საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 196 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 150-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

სასუფრე ყურძენია. აქვს ლამაზი მტევანი და მარცვლი, სასიამოვნო გემო. გაზაფხულამდე კარგად ინახება და იტანს ტრანსპორტირებას. მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 250